
"ქართული ოცნების" ერთ ერთი ლიდერი და გადამდგარი პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მეათე მოწვევის პარლამენტი ისეთი პარლამენტი იქნება, სადაც არცერთი პრორუსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი, რადგან "პატრიოტთა ალიანსისი" რუსული შემადგენელი საკანონმდებლო ორგანოში არ შევიდა. ეს კომენტარი მან პარლამენტში გელა მიქაძის, ფრიდონ ინჯიას და დავით ზილფიმიანის შესვლასთან დაკავშირებით გააკეთა.
"მნიშვნელოვანია ასევე, ის, რომ პატრიოტთა ალიანსის რუსული შემადგენელი არ შემოვიდა პარლამენტში და მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნება ისეთი პარლამენტი, სადაც არც ერთი ღიად პროროსული პარტია არ იქნება წარმოდგენილი. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და საქართველოს პარლამენტში არ უნდა ვიხილოთ არც ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არიან ღიად ანტიდასავლურები", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი დღეს, 5 იანვარს უყარა.
ფროდონ ინჯიამ პარლამენტში შესვლასთან ერთად პარტია დატოვა და განაცხადა, რომ ახალ გაერთიანებას, "ევროპელ სოციალისტებს" ქმნის.
დავით ზილფიმიანმა კი მედიასთან საუბრისას მმართველი გუნდის მხრიდან ყველანაირი ზეწოლა გამორიცხა და აღნიშნა, რომ ის "მართული ადამიანი არაა" და მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს.