
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს "ძერჟინსკად" მოიხსენიებს და ამბობს, რომ მისი "ბედნიერება დროებითია".
ინაშვილმა ამით კობახიძის დღევანდელ განცხადებას უპასუხა, სადაც უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ პარლამენტში "პატრიოტების" რუსული შემადგენლობა არ შევიდა:
კობახიძე ძერჟინსკი ბედნიერია, რომ არ ვარ პარლამენტში. მინდა ვუთხრა, რომ ის დროებითაა ბედნიერი, ძალიან ხანმოკლე აღმოჩნდება მისი ეს ბედნიერება. დაინიშნება ახალი არჩევნები და კობახიძე აღარ იქნება პარლამენტში. რუსული შემადგენელი, რაზეც ის საუბრობს, მე პარლამენტში ვსაუბრობდი საქართველოს ინტერესების დაცვაზე, ესაა რუსული შემადგენელი? მე ვლაპარაკობდი მშვიდობაზე, შერიგებაზე აფხაზებთან და ოსებთან, ესაა რუსული შემადგენელი?" ამბობს ინაშვილი.
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა "ქართული ოცნება" დღეს კომუნისტურ პარტიას, მისი მმართველობა კი კომუნისტურ მმართველობას შეადარა.
ინაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა მოსპო პარლამენტში პოლიტიკური პროცესი.
ვითომ დასავლური „ქართული ოცნება“ მთელი ამ წლების განმავლობაში კომუნისტურ საქართველოს აგებდა და ბოლოს მიაღწია, რომ კომუნისტური პარტიის რეჟიმში მოქმედებს ახლა. ვითომ დასავლურმა „ქართულმა ოცნებამ“ მოსპო პარლამენტში პოლიტიკური დებატები და პოლიტიკური პროცესი. ისე დაამახინჯეს და ერთ პარტიაზე მოირგეს რეგლამენტი, რომ მაგალითად, 4 დეპუტატი ფრაქციას ვერ ქმნის და არავითარი ბერკეტი არ აქვს, რომ პარლამენტში პოლიტიკური დებატი გაუწიოს „კომუნისტურ ოცნებას“. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება დიდი გამოფხიზლება ამ ქვეყანაში და თვალის ახელა იმაზე, რა სახელმწიფოს ქმნის „ქართული ოცნება“ - ამბობს ინაშვილი
საქართველოს პარლამენტმა "პატრიოტთა ალიანსის" სამი წევრის, ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილმონაცვლეებისთვის დეპუტატის უფლებამოსილების საკითხს კენჭი დღეს, 5 იანვარს უყარა.
ფროდონ ინჯიამ პარლამენტში შესვლასთან ერთად პარტია დატოვა და განაცხადა, რომ ახალ გაერთიანებას, "ევროპელ სოციალისტებს" ქმნის.
დავით ზილფიმიანმა კი მედიასთან საუბრისას მმართველი გუნდის მხრიდან ყველანაირი ზეწოლა გამორიცხა და აღნიშნა, რომ ის "მართული ადამიანი არაა" და მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს.