COVID-19-ით ინფიცირებული პატიმარი სამოქალაქო საავადმყოფოში მე-7 დღეს გარდაიცვალა - ლორთქიფანიძე

გამოქვეყნდა:

ქსნის N15 პენიტენციური დაწესებულების პატიმრის კორონავირუსით გარდაცვალებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას იუსტიციის მინისტრი, გოჩა ლორთქიფანიძე ეხმაურება. მისი განმარტებით, პატიმრის გადარცავლებაზე სისტემამ განცხადება პირველ იანვარს გაავრცელა, ის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანიდან მე-7 დღეს, მოულოდნელად დამძიმდა.

"არსებობს,  ეს უკვე ჩვენ მიერ გაჟღერებული იყო პირველი იანვრის განცხადებაში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ გაკეთებულ პირველ იანვარს განცხადებაში. როგორც კი სიმპტომები დადასტურდა, ეს ადამიანი გადაყვანილ იქნა სამოქალაქო კლინიკაში და სამოქალაქო კლინიკაში უკვე მე-7 დღეს მას უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა. შემდეგ როგორც არის ჩვეულებრივ გათვალისწინებული პრაქტიკით, მოხდა აქტირება და ეს არ არის მარტო ჩვენთან, პრაქტიკით ხშირად ხდება ამ საფუძვლით ადამიანის აქტირება. ის გათავისუფლდა და შემდეგ, სამწუხაროდ, სამოქალაქო კლინიკაში მოხდა გარდაცვალება. ეს იყო ქსნის დაწესებულების პატიმარი", - ამბობს გოჩა ლორთქიფანიძე. 

შეგახსენებთ, პენიტენციურმა სამსახურმა ოფიციალურად უარყო  ქსნის ციხეში კორონავირუსით პატიმრის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. სისტემამ თქვა, რომ უყურადღებობაში მათი დადანაშაულება უსაფუძვლოა.

ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ არავითარი საფუძველი აჟიოტაჟისა და დეზინფორმაციის არ არსებობს და პენიტენციუს სისტემაში ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება.

მისი თქმით, პენიტენციურმა სისტემამ დაიწყო პატიმრების ინტენსიური ტესტირება, რომელიც 31 დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობს. მისი თქმით, პირველ რიგში, ამას დაექვემდებარა არასრულწლოვანთა დაწესებულება, სადაც ყველა ტესტი უარყოფითი იყო, შემდეგ ქალთა დაწესებულებაში ჩაატარეს PCR ტესტირება სადაც 23 პატიმარს დაუდასტურდა კორონავირუსი. ლორთქიფანიძის თქმით, თანამოსაკნეები გადაყვანილები არიან იზოლაციაში. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი