ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გრიპის ვაქცინის ათვისება ქვეყანაში იმაზე ნაკლები იყო, ვიდრე თავიდან მასზე მოთხოვნა. ამ თემაზე მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ მნიშვნელოვანია კორორნავირუსისი ვაქცინის შემთხვევაშიც იგივე არ მოხდეს.
"შესყიდვა მოხდა 235 ათასი დოზის. ვაქცინის დიდი რაოდენობა გაიხარჯა, გაფართოვდა პირველადი რისკ-ჯგუფების ჩამონათვალი ბოლო ეტაპზე იმისთვის, რომ უფრო აქტიური ათვისება ყოფილიყო და მოცვაც უფრო ფართო ყოფილიყო. ათვისება იყო იმაზე უფრო ნელი და ნაკლებად აქტიური, ვიდრე თავიდან იყო მოთხოვნა მასზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გავითვალისწინოთ კორონავირუსის ვაქცინისთვისაც. ვაქცინაზე მოთხოვნა თუ არ იქნება მისი შემოტანის შემდეგ დადგება ის მომენტი, რომ შესაძლოა საკმარისი რაოდენობის ადამიანი არ აიცრას. შესაბამისად, ახლავე ვიწყებთ ამაზე მუშაობას", - თქვა თამარ გაბუნიამ.
შეგახსენებთ, რომ NCDC-ის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ორსულებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ გრიპზე აიცრან, რადგან მათთვის ეს ვირუსი უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი.
აქვე შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 489 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.