
მაიკ პენსი დონალდ ტრამპის კაბინეტის პირველი წევრი იყო, რომელმაც კაპიტოლიუმის შტურმი ამბოხების დაწყებიდან მალევე დაგმო და არჩევნების შედეგების აღიარებაზეც პირველი განცხადება სწორედ მან გააკეთა.
ვიცე-პრეზიდენტმა პენსმა შემაჯამებელი მონაცემების გამოცხადების შემდეგ ტრამპის დამარცხება ოფიციალურად გამოაცხადა.
როგორც ჩანს, კონგრესის ეს სხდომა ტრამპის ბოლო იმედი იყო, რადგან დღეს მან დამარცხება აღიარა. მოქმედმა პრეზიდენტმა ბაიდენს მიმართა და მოუწოდა, რომ ყველაფერი გააკეთოს ხელისუფლების მოწესრიგებულად გადაბარებისთვის, თუმცა არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა მეუღლესთან ერთად 20 იანვარს მის ინაუგურაციაზე დასწრებას.
კონგრესის სხდომა თითქმის ხუთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. რესპუბლიკელმა სენატორებმა რამდენიმე შტატში შედეგების გაპროტესტება და ბაიდენის ხმების გაუქმება სცადეს.
ასეთ შტატებს შორის იყო ჯორჯია, პენსილვანია, მიჩიგანი და არიზონა, თუმცა მაიკ პენსმა არც ერთი ეს საჩივარი განხილვაში არ მიიღო.
მიზეზი - ისინი წერილობით უნდა ყოფილიყო წარდგენილი და ერთი სენატორის ხელმოწერა მაინც უნდა ჰქონოდა.
ჯორჯიის წარმომადგენელ ჯოდი ჰაისის თქმით, არეულობის შემდეგ რამდენიმე სენატორმა პრეტენზიები უკან წაიღო. შესაბამისად ამ შტატებში ბაიდენის უპირობო გამარჯვება ძალაში დარჩა
კონგრესში დღეს კონსტიტუციაში 25-ე ცვლილების ამოქმედების მოწოდებებიც ისმოდა. ეს ცვლილება ითვალისწინებს პრეზიდენტის ხელისუფლებიდან ჩამოშორებას, თუ ის უუნარო აღმოჩნდა ან ძალაუფლების უზურპაციის მცდელობები გამოავლინა.
ამ მოწოდებას რესპუბლიკელი ლინდსი გრემიც შეუერთდა, რომელმაც სიტყვით გამოსვლისას ბაიდენის გამარჯვებას დაუჭირა მხარი, რითაც ტრამპის გეგმებს კიდევ ერთი სასიკვდილო დარტყმა მიაყენა.
ბაიდენის გაპრეზიდენტებას მხარი დაუჭირეს და ტრამპის ქმედებები დაგმეს სხვა რესპუბლიკელებმაც, მათ შორის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა მიტ რომნიმ, რომელმაც სენატორებს საჩივრების წარდგენისგან თავის შეკავებისკენ და ბაიდენის პრეზიდენტად აღიარებისკენ მოუწოდა.
306-232 ის წინააღმდეგ, ჯო ბაიდენმა მოქმედ პრეზიდენტს 74 ხმით მოუგო. ამერიკაში პოლიტიკოსების უმრავლესობამ კვლავ დააყენა დემოკრატია პარტიულ ინტერესებზე მაღლა. ახლა უკვე აშშ-ში ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისთვის მზადებას იწყებენ, რომელიც 20 იანვარს გაიმართება.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი