
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 2012 წელს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარებას იხსენებს და ამბობს, რომ ის ძალაუფლების გადაბარების პროცესში მშვიდად მოქმედებდა, როდესაც გამოვიდა და თქვა, რომ ივანიშვილმა არჩევნების შედეგებით მოიგო.
მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ მას ხელისუფლების მშვიდობით გადაბარებისთვის მადლობა უთხრა სენატორმა ჯინ შაჰინმა. იმ დროისთვის, ასევე მიხეილ სააკაშვილი შეხვდა ჯო ბაიდენს და ჯონ მაკკეინს, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონს შეადარა.
"შაჰინი, მოვიდა სენატორ რიშთან ერთად და მათ მითხრეს დიდი მადლობა, რომ ასე მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა, ამის შემდეგ მე ვნახე ვიცე–პრეზიდენტი ბაიდენი, რამდენიმე კვირაში ზუსტად, ფენიქსში, მაკკეინმა მიგვიწვია თავისთან სახლში, ამ შეხვედრას ესწრებოდა დათო საყვარელიძე და გიორგი ვაშაძე და მათი თანდასწრებით მითხრა, შენ ხარ აღმოსავლეთ ევროპის ჯორჯ ვაშინგტონიო, ამერიკელმა გითხრას, ხარ ჯორჯ ვაშინგტონიო, ამას აქვს რა მნიშნველობა – ჯორჯ ვაშინგტონი იყო ძალიან წარმატებული პრეზიდენტი, ამერიკის დამფუძნებელი მამა – მთავარი მამა, რომლის სახელიც ჰქვია აშშ–ის დედაქალაქს და რომელსაც შესთავაზა კონგრესის უმეტესმა ნაწილმა, რომ მას თავი გამოეცხადებინა მეფედ და სამუდამოდ დარჩენილიყო ამერიკის მმართველად, ჯორჯ ვაშინგტონმა კი თქვა, ამერიკა არის რესპუბლიკა და მე არასდროს არ ვიქნები მუდმივი მმართველი, მე როგორც პრეზიდენტი, ვზღუდავ ჩემს ვადას და მივდივარ მმართველობიდან. აქედან მოდის აშშ–ის ფილოსოფია, რომ ქვეყანა არ ეკუთვნის არავის, პრეზიდენტი ეკუთვნის საკუთარ ქვეყანას, ჩემთვისაც ასე იყო." – ამბობს მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
შეგახსენებთ, კაპიტოლიუმში დონალდ ტრამპის მხარდამჭერების შეჭრის შემდეგ, კონგრესის სხდომაზე, სადაც ამომრჩეველთა კოლეგიის ხმები უნდა დაეთვალათ, სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს შესახებ ისაუბრა. შაჰინის თქმით 2012წელს საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "მილიარდერ ოლიგარქს" ხელისუფლება მშვიდობიანად გადასცა.