აქცია პერფორმანსი გაიმართა პოლიტპატიმრისა და "მთავარი არხის" ერთერთი მეწილის გიორგი რურუას სახლთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ბანერი წარწერით "თავისუფლება პოლიტპატიმრებს" გამოფინეს.
ამ აქცია-პერფორმანსის მიზანი იყო, ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ 8 მარტის შეთანხმება შესასრულებელია, ამას გარდა, მოითხოვონ გიორგი რურუასა და პოლიტიკური ნიშნით დაკავებულ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლება. აქციას შემოუერთდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული და შემდეგ გათავისუფლებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე, ასევე გიორგი რურუას, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ოჯახის წევრები.
მინდა მადლობა გადავუხადო ამ აქტივისტებს, რომლებსაც არასდროს ავიწყდებათ პოლიტპატიმრები და ამა თუ იმ ფორმით ახსენებენ მათი არსებობის შესახებ ხელისუფლებას. დღევანდელი აქციაც, რასაკვირველია, მათი მხარდამჭერია - ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა და გიორგი რურუა - ყველამ იცის, რომ ეს ადამიანები უდანაშაულოდ არიან ციხეში და თუ უნდა ხელისუფლებას, რომ კრიზისიდან გამოვიდეს, პირველი ნაბიჯი ამ კრიზისის დასაძლევად იქნება პოლიტპატიმართა გათავისუფლება, ამბობს სოფო სიხარულიძე, გიორგი რურუას მეუღლე.
გვინდა, რომ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა და ასე უდანაშაულოდ არ სჯიდნენ ადამიანებს, რომლებიც ემსახურნენ ქვეყანას, მთელი ცხოვრება მიუძღვნეს სამშობლოს და მადლობის ნაცვლად, ციხეში გაუშვეს, - ამბობს თამარ სულაძე, ივერ მელაშვილის მეუღლე.
ცნობისთვის. გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულება პროკურატურის ვერსიას არ ადასტურებდა.
რურუას დაკავების შემდეგ, მისი დაცვის მხარემ რამდენიმეთვიანი სასამართლო პროცესების განმავლობაში, არაერთხელ დააყენა მისი გათავისუფლების შუამდგომლობა, თუმცა სასამართლო ამ გადაწყვეტილებას არ იღებდა.
გიორგი რურუას დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავდნენ საერთაშორისო პარტნიორები და საქართველოს ხელისუფლებას მისი გათავისუფლებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. რურუას გათავისუფლება 8 მარტის ცნობილი შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილიც იყო, თუმცა ხელისუფლებამ ეს პირობა არ შეასრულა.
რაც შეეხება კარტოგრაფებს, აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია, ხოლო ნატალიამ ილიჩოვამ განაცხადა, რომ იმ რუკების მიხედვით, რომელთა დამალვასაც მათ ხელისუფლება ედავება, დავითგარეჯის ნაწილი იკარგება და აზერბაიჯანთან საზღვარი ჩიჩხიტურის კოშკზე გადის.