
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობის გარშემო ლითონის დამცავ ბადეს ამონტაჟებენ - ეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც კაპიტოლიუმის ბორცვი რადიკალების შეტევის სამიზნე გახდა და დონალდ ტრამპის მომხრეთა რადიკალურად განწყობილი ნაწილი შენობაში შეიჭრა.
შეგახსენებთ, არეულობა ვაშინგტონში მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები კონგრესის შენობის წინ შეიკრიბნენ. მოგვიანებით მათ კაპიტოლიუმზე იერიში მიიტანეს და სხდომის ჩაშლა სცადეს. შედეგად, სხდომა რამდენიმე საათით მართლაც შეწყდა, თუმცა, მოგვიანებით განახლდა და ჯო ბაიდენი პრეზიდენტად ოფიციალურად გააფორმა. სულ სენატმა 531 ხმა დაითვალა, აქედან ჯო ბაიდენმა 306 მიიღო, ტრამპმა კი 232.
დონალდ ტრამპმა მოგვიანებით დაგმო ძალადობა და განაცხადა, რომ აშშ მუდამ იყო და უნდა დარჩეს კანონისა და წესრიგის ქვეყნად.
არეულობებს ვაშინგტონში, საერთო ჯამში, 5 ადამიანი ემსხვერპლა. აქედან ერთი ქალი შეიარაღებული ძალების ვეტერანია, ერთი კი - კაპიტოლიუმის პოლიციელი, რომელიც მიყენებული დაზიანებების გამო 8 იანვარს გარდაიცვალა.