რუსთავის მე-17-ე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კოვიდ19-ით პატიმარი გარდაიცვალა - მსჯავრდებული, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს სასჯელს ამავე ციხეში იხდის.
პატიმრების ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ პენიტენციური სამსახური ამ ფაქტს მალავს.
საუბრობენ, რომ მათ ოჯახის წევრებს, რომლებსაც კოვიდ 19-სთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ ციხეში ტესტირებას არ უტარებენ.
ეს ქვეყნის მასშტაბით პატიმრის გარდაცვალების უკვე მეორე შემთხვევაა, თუმცა ამ ფაქტს პენიტენციური დაწესებულება კატეგორიულად უარყოფს.
უფლებადამცველები ამტკიცებენ, რომ თითქმის ყველა ციხეში პატიმრებს ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ და დაავადებულთა რაოდენობაც გაცილებით მეტია, ვიდრე ამას ოფიციალურად აცხადებენ. პენიტენციურმა სამსახურმა კი ოფიციალურად მხოლოდ 27 პატიმრის ინფიცირების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია
სწორედ ციხეებში შექმნილი მძიმე ვითარება გახდა მიზეზი რის გამოც დღეს მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებმა აქციები გამართეს და ამნისტია მოითხოვეს. აქციები თბილისის გარდა ქუთაისსა და პანკისის ხეობაშიც გაიმართა, პარლამენტთან შეკრებილები ოცნების ხელისუფლებისგან პირობის შესრულებას მოითხოვდნენ. საკანონმდებლო ორგანოდან მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა.
სწორედ ამნისტიის შესახებ კანონპროექტია მიზეზი რის გამოც თბილისის ბათუმის და რუსთავის ციხეებში პატიმრებმა შიმშილობა დაიწყეს, მსჯავრდებულების ახლობლები ამბობენ, პატიმრებს შორის ბევრს ქრონიკული დაავადება აწუხებს რის გამოც მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
პირბადეები და სადეზინფექციო ხსნარები დღეს სამოქალაქო აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან უწყების წარმომადგენლებისთვის გადასაცემად მიიტანეს, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცათ.
აქციის ყველა მონაწილე პოლიციამ 80-80 ლარით დააჯარიმა სამინისტროს მიმდებარე ტერიტორიის დანაგვიანებისთვის.