დონალდ ტრამპი აშშ-ს არჩეული 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციას ბოიკოტს უცხადებს. განცხადება მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე ცოტა ხნის წინ გაავრცელა. ტრამპი ყველა დაინტერესებულ პირს პასუხობს, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ეს იქნება ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა, როცა მოქმედი პრეზიდენტი მომავალ ლიდერს ხელისუფლებას არ გადააბარებს.
თუმცა, დარჩება თუ არა პრეზიდენტად დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე -ეს საკითხი უკვე მაიკ პენსმა უნდა გადაწყვიტოს.
დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა ვიცე-პრეზიდნეტს ულტიმატუმი წაუყენეს - აამოქმედოს 25-ე მუხლი და გადააყენოს მოქმედი პრეზიდენტი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ მაიკ პენსი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შესაძლოა, დონალდ ტრამპი ამერიკის პირველი პრეზიდენტი გახდეს, რომელსაც იმპიჩმენტით გადააყენებენ.
არეულობასთან კავშირს უარყოფს თავად დონალდ ტრამპი. დღეს გაკეთებულ განცხადებაში ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი შტურმში მონაწილე პირებს პასუხისგებაში მიცემით დაემუქრა. სოციალურ მედიაში კი, გავრცელდა კადრები, სადაც დონალდ ტრამპი მიმდინარე პროცესებს თანამოაზრეებთან ერთად აკვირდება.
პარალელურად დღეს შეერთებულ შტატებში შტურმის დროს დაშავებული კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა. მე-5-ე გარდაცვლილი კაპიტოლიუმის პოლიციის ოფიცერია. 6 იანვარს განვითარებული მოვლენების გამო თანამდებობა უკვე დატოვა კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსმა. ასევე ქვეყნის განათლებისა და ტრანსპორტის უწყების ხელმძღვანელებმაც.
ტრამპი წარსულს უნდა ჩაბარდეს - ასე აფასებს თეთრი სახლის ლიდერის პრეზიდენტობას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი. დონალდ ტრამპი დემონსტრანტების წაქეზებაში დაადანაშაულა ბორს ჯონსონმაც. ტრამპს თანამდებობის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა საერთაშორისო ორგანიზაცია ჰუმან რაითსმაც. ამერიკული მედიის ინფორმაციით რესპუბლიკურ პარტიაში მოქმედი პრეზიდენტის ავტორიტეტი ერთ დღეში 45%-ით დაეცა.