ბიძინა ივანიშვილმა საერთაშორისო ასპარეზზე პირადი რეპუტაციის გადასარჩენად სახელმწიფო რესურსი აამუშავა - ოლიგარქი სანქციების მოლოდინში იმიჯის რეაბილიტაციისთვის საერთაშორისო მისიებთან შუამავლად ქვეყნის მთავარ დიპლომატიურ უწყებას იყენებს.
"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო მისიების ოფიციალურ მისამართებზე 2 წერილს აქტიურად აგზავნის. ერთი "ქართული ოცნების" მმართველობის მიღწეულ პროგრესზე მოგვითხრობს, მეორე კი ასეა დასათაურებული: "ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკოსი, ფილანტროპი, ბიზნესმენი".
რისი ეშინია ბიძინა ივანიშვილს? აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სანქციების პოლიტიკა აამუშავა. ერთ ღამეში ამერიკის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა იმ 7 უკრაინელ პოლიტიკოსსა და ბიზნესმენს, ვინც რუსული ინტერესების სასარგებლოდ შეერთებული შტატების შიდა პოლიტიკურ პროცესებში ერეოდა და დემოკრატიის საზიანოდ მოქმედებდა.
მათ შორის ერთერთი, კონსტანტინ კულიკი, სწორედ ის პირია, ვინც სათავეში ედგა მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ სულ მალე ბიძინა ივანიშვილიც იგივე ბედს გაიზიარებს და ქართველი მილიარდერი სტრატეგიული პარტნიორის სანქცირებულთა სიაში მოხვდება.
ბიძინა ივანიშვილი აშშ-ში ლობისტურ მომსახურებაში ბევრ ფულს ხარჯავს. წლების განმავლობაში მედიაში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართველ მილიარდერს დონალდ ტრამპის გარემოცვასთან არაფორმალური კავშირები აქვს.
ოპოზიციაში აანონსებენ, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია წინამორბედი პრეზიდენტის პოლიტიკური საქმიანობის შესახებ არაერთ გამოძიებას ჩაატარებს, რაც მის რუსეთსა და რუსეთის სასარგებლოდ მოქმედ პირებთან არაფორმალურ კავშირებს სააშკარაოზე გამოიტანს.
ოლიგარქმა საქართველოში დაგროვებული ქონების ფონდ "ქართუზე" გადაფორმება დაიწყო. ქველმოქმედების სახელით გადადგმული ნაბიჯი ანალიტიკოსებს აფიქრებინებს,რომ ივანიშვილი ძალიან შეშინებულია და ცდილობს, წლების ნაგროვები მილიარდები გაყინვას გადაარჩინოს.