"გმირია, კონფლიქტს აგვაცილა და სირცხვილს" - ის, ვისაც ბიძინა ივანიშვილმა გმირი უწოდა, მასთან დაახლოებული, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი, დავით ხიდაშელია. პირი, რომლის ჩამოტანილი რუკების საფუძველზე ახლა ციხეში ორი მეცნიერი ზის.
"საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში ოლიგარქმა, ერთი მხრივ, აღიარა, რომ გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიება მის მთავარ მიზნებში შედიოდა; პროკურატურასა და სასამართლოს დავალებაც მისცა და თან წასვლამდე კიდევ ერთხელ მოგვატყუა, რომ გმირი ხიდაშელის ჩამოტანილმა რუკებმა აზერბაიჯანთან კონფლიქტს აგვაცილა და სირცხვილსაც - გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ორად გაყოფას გადაარჩინა.
ივანიშვილი არ დაინტერესებულა, როგორ მოიპოვა დავით ხიდაშელმა რუკების ორიგინალები, რომელიც რეალურად არაფერს ცვლის, მაგრამ მოსკოვის მთავარ არქივში ინახებოდა.
ხიდაშელის საქმეში გამოჩენა და ივანიშვილის სიმპატია მისდამი ოპოზიციაში არ უკვირთ. პირიქით, დარწმუნებული არიან, რომ ივანიშვილი რუსეთის დავალებას ასრულებს და ახლა პუტინის მთავარი ოცნება ხდება, საქართველოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან ხიდაშელის ჩამოტანილი რუკებით იძაბება.
"ქართული ოცნება" რუსული სცენარის შესრულების კვალდაკვალ პოლიტიკურ ოპონენტებს განსასჯელის სკამს უმზადებს და უფრო მეტიც, ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ, მმართველი გუნდის წევრები ბრალდებულად პირდაპირ მიხეილ სააკაშვილს ასახელებენ.
ახლა დაკავებული კარტოგრაფების ოჯახის წევრებიც და ადვოკატებიც დარწმუნებულები არიან, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დამნაშავეებად გამოცხადება გარდაუვალია - ეს დავალება პროკურატურამ და სასამართლომ ივანიშვილის ანდერძის ერთერთ პუნქტში ცალსახად ამოკითხა.
ამ ყველაფერს კი ისიც ადასტურებს, რომ მილიარდერისა და პარტიის ყოფილი თავმჯდომარის ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში, პროკურატურამ გამოკითხვების ახალი სერია დაიწყო. საგამოძიებო უწყებაში ჩვენების მისაცემად კომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ყოფილი მინისტრის, გელა ბეჟუაშვილის მოადგილე, გიორგი მანჯგალაძე დაიბარეს.
ადვოკატებიც, ოჯახის წევრებიც და ხელისუფლების ოპონენტებიც დარწმუნებული არიან, რომ ორი მეცნიერის გარდა გამოძიება მალე სახელმწიფო მიწების გასხვისების ბრალდებას წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებს წაუყენებს და არც იმას გამორიცხავს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი ქვეყნის მესამ ეპრეზიდენტი აღმოჩნდეს.