მეორე საიმპიჩმენტო კენჭისყრა ამერიკის უახლესი ისტორიის უპრეცედენტო მომენტია. დონალდ ტრამპი პირველი ამერიკელი ლიდერია, რომელმაც პრეზიდენტის პოსტზე კარიერა იმპიჩმენტით დაიწყო და იმპიჩმენტით დაასრულა.
ისტორიული სხდომისა და ხმის მიცემის უსაფრთხოებას პოლიციისა და ეროვნული გვარდიის უჩვეული რაოდენობა 24 საათის განმავლობაში იცავდა.
6 იანვრის სისხლიანი აჯანყებით შეურაცხყოფილმა ამერიკულმა პოლიტ ელიტამ, 45-ე პრეზიდენტის სამაგალითოდ დასჯა გადაწყვიტა, იმიტომ რომ მან ქვეყანაში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის 200 წლიანი ტრადიცია დაარღვია და მის მიერ მხარდაჭერილ ამბოხს 4 სამოქალაქო პირი და ერთი ოფიცერი ემსხვერპლა.
ტრამპიზმის წინააღმდეგ ხმა მისივე რესპულიკური პარტიის 10-მა კონგრესმენმაც მისცა. მათ შორის არის საქართველო-ამერიკის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ადამ კინზინგერი, რომელიც 45-ე პრეზიდენტის პოლიტიკას მწვავედ აკრიტიკებდა.
უფლებამოსილების ამოწურვამდე იმპიჩმენტის პროცედურის წარმართვა იმის გამოა მნიშვნელოვანი, რომ ტრამპს 2024 წელს საპრეზიდენტო ამბიცია აღარ ჰქონდეს. ამას გარდა მას საჯარო თანამდებობაზე მუშაობა აეკრძალება და კანონმდებლებმა მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაც მოითხოვეს.
იმპიჩმენტის პროცედურა სენატში უნდა დასრულდეს, სადაც ტრამპის გადაყენებას მხარი 2/3-მა უნდა დაუჭიროს. კენჭისყრამდე სენატში გაიმართება სასამართლო პროცესიც. კონგრესის ზედა პალატა ინაუგურაციამდე ერთი დღით ადრე, 19 იანვარს შეიკრიბება, მანამდე კი პროცესის დაჩქარებას არ აპირებს სენატის უმრავლესობის რესპუბლიკელი ლიდერი მიჩ მაკკონოლი.
მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი 20 იანვრამდე, ანუ ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე ვერ დასრულდება, თუმცა მას შემდეგაც კი, რაც ტრამპი თანამდებობას დატოვებს, სენატს შეეძლება იმპიჩმენტის პროცესი გააგრძელოს იმისათვის, რომ ტრამპს მომავალში საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრა აეკრძალოს. როგორც ცნობილია მან უკვე გამოთქვა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრის სურვილი.