ტრამპის იმპიჩმენტის განხილვას სენატი სამშაბათს დაიწყებს - ისტორიული დღეები აშშ-ში

გამოქვეყნდა:

232 ხმით 197-ის წინააღმდეგ - დონალდ ტრამპი ამერიკის პირველი პრეზიდენტია, რომლის იმპიჩმენტიც წარმომადგენელთა პალატამ უკვე მეორედ დაამტკიცა და ეს მხოლოდ 1 ვადის განმავლობაში, 4 წლის მანძილზე მოხდა. 

პრეზიდენტ ტრამპისთვის წაყენებულ "ამბოხების წახალისების" ბრალდებას პალატაში ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა. დემოკრატების სრულ შემადგენლობასთან ერთად მას ხმა ათმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მისცა.

დანარჩენი რესპუბლიკელები ტრამპის საქციელს არ ამართლებენ, მაგრამ იმპიჩმენტს საშინლად ეწინააღმდეგებიან.

ახლა ყველა შეერთებული შტატების სენატის კენჭისყრას ელის რა არის ის მთავარი მტკიცებულება, რის საფუძველზეც სენატში იმპიჩმენტის განხილვა დაიწყება - ეს კითხვა, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დეივიდ კრამერს დავუსვით.

კრამერი 6 იანვარს, დილის 10 საათზე თეთრ სახლთან წარმოთქმულ სიტყვას გულისხმობს. მიტინგზე სახელწოდებით „გადავარჩინოთ ამერიკა“ ტრამპმა 1 საათის განმავლობაში ზუსტად 11 ათასი სიტყვა წარმოთქვა. სწორედ ეს 11 ათასი სიტყვა არის სენატში მის წინააღმდეგ მთავარი სამხილი.

დემოკრატები ამბობენ, რომ ტრამპის ამ გამოსვლამ  ამბოხების წახალისება გამოიწვია.

რას გადაწყვეტს სენატი ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია რომ ამ სიტყვით გამოსვლიდან 1 საათში მისმა მხარდამჭერებმა კაპიტოლიუმის შენობასთან გადაინაცვლეს. 

კონგრესში მაშინ არჩევნების სერთიფიცირების პროცესი მიმდინარეობდა და მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა.პრეზიდენტ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. მათი ძალადობრივი ქმედებების კადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა.  

მას მერე რაც 1812 წელს ბრიტანეთის ჯარებმა კაპიტოლიუმის შენობა გადაწვეს, ამერიკული პოლიტიკის ციტადელის ოკუპაცია არავის გაუბედავს. 5 გარდაცვლილი, ვანდალიზმი, ძალადობა, ეროვნულმა გვარდიამ კანონმდებლების ევაკუაცია საიდუმლო გასასვლელით მოახდინა.  

რთული ვითარება იყო კაპიტოლიუმის უკანა ფლიგელთან, სადაც აქციის მონაწილეებმა ჟურნალისტების კამერები დააზიანეს და მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

მას შემდეგ რაც სამართალდამცავებმა ათობით ადამიანი დააკავეს, აქციის მონაწილეებს შენობის დატოვება მოუწიათ, თუმცა მათ კაპიტოლიუმის წინ ის სცენა დაიკავეს, სადაც ზუსტად 3 დღეში აშშ-ს ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ფიცი უნდა დადოს. დედაქალაქის მერმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და აქციის მონაწილეებს დაახლოებით 3 საათი მისცა, იმისათვის რომ აშლილიყვნენ. ქალაქში წესრიგის აღდგენა დაიწყო.

კონგრესის გაერთიანებული სხდომა დემონსტრანტების დაშლის შემდეგ, საღამოს 9 საათზე განახლდა.

ვიცე პრეზიდენტმა კაპიტოლიუმში მომხდარი ქაოსი და ძალადობა დაგმო და 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ჯო ბაიდენი გამოაცხადა. ამბოხად შეაფასა პროცესი ამერიკის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმაც, მან ტრამპს მოუწოდა მიემართა ხალხისთვის, რათა ისინი დაშლილიყვნენ.

პრეზიდენტმა საკუთარ მხარდამჭერებს დაშლისკენ შტურმიდან მხოლოდ რამდენიმე საათში ტრამპისებურ სტილში მოუწოდა.

თავდასხმიდან მეორე დღეს, ტრამპმა სხვაგვარი ვიდეომიმართვა გაავრცელა. დაგმო ძალადობა, კაპიტოლიუმის შტურმით აღებასთან კავშირი უარყო, მონაწილე პირების დაუყოვნებლივ დასჯა მოითხოვა და არჩევნებიდან 64 -ე დღეს საბოლოოდ თქვა, რომ ხელისუფლებას მშვიდობიანად გადააბარებდა.

თუმცა მაშინვე ტვიტერზე გამოაქვეყნა რომ 20 იანვარს ამერიკის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციას არ დაესწრებოდა. 

მაშინ ტრამპს ტვიტერი ჯერ კიდევ ჰქონდა.

მოგვიანებით, ძალადობის პრევენციის მიზნით, ტვიტერის ადმინისტრაციამ ტრამპი სამუდამოდ დაბლოკა. პრეზიდენტის ანგარიშები გაყინეს ფეისბუქმა, ინსტაგრამმა, იუთუბმა....

ანალიტიკოსთა ნაწილი თვლის, რომ მისი სოციალური გვერდები აქამდეც უნდა დაებლოკათ, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს უსამართლობაა.

ტრამპთან და მის ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე უარს ბევრი კერძო კომპანია აცხადებს. მათ შორისაა დოიჩე ბანკი, სითი გრუპი, ჩეიზი, ბენქ ოფ ამერიკა, გოლდმან საქსი, ვიზა, ამერიკან ექსპრესი და მასტერქარდი.  ლიჰაის უნივერსიტეტმა პრეზიდენტს 1988 მინიჭებული საპატიო ხარისხი ჩამოართვა.

ტრამპი არ არის პირველი, ის მეოთხეა. ამერიკის ისტორიაში იმპიჩმენტის გამოძიება კიდევ 3 პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმდინარეობდა.

პრეზიდენტ ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის ურთიერთობა 20 წლის წინ იმპიჩმენტის გამოძიების მიზეზი გახდა. 

კლინტონმა მოიტყუა, თქვა რომ ლევინსკისთან სექსუალური კავშირი არ ჰქონია, თუმცა წარმომადგენელთა პალატამ მის იმპიჩმენტს მხარი მაინც დაუჭირა. 1998 წელს კლინტონმა პრეზიდენტობა სენატში ჩატარებული სასამართლოს წყალობით შეინარჩუნა. 

მანამდე იყო "უოტერგეიტის სკანდალი" რიჩარდ ნიქსონის წინააღმდეგ. ყველაფერი დემოკრატიული პარტიის ოფისის გაქურდვით დაიწყო.  

მაშინ "ვაშინგტონ პოსტის" დამწყებმა, ახლა კი საგამოძიებო ჟურნალისტიკის მეტრებმა ბობ ვუდვარდმა და კარლ ბერნსტეინმა გაარკვიეს რომ წინასაარჩევნოდ რესპუბლიკელები დემოკრატებს უსმენდნენ. ამ ამბავში კი პრეზიდენტი ნიქსონი იყო გარეული. დაიწყო იმპიჩმენტის პროცესი.

იმპიჩმენტამდე ცოტა ხნით ადრე ნიქსონი თანამდებობიდან გადადგა. ნიქსონის იმპიჩმენტი კონგრესმა ვერ მოასწრო თუმცა, 1868 წელს მათ უფლებამოსილება პრეზიდენტ ენდრიუ ჯონსონს შეუჩერეს. ეს ამერიკის ისტორიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტის ერთადერთი შემთხვევაა.

კონგრესმა პირველი იმპიჩმენტის დროს პრეზიდენტი ტრამპი გაამართლა. 

ერთი არსებითი და ერთიც პროცედურული განსხვავებაა. არსებითად, ბრალდებაა სხვადასხვა. წინა იმპიჩმენტის გამოძიება უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის გამო დაიწყო, სადაც ტრამპი ზელენსკის ჯო ბაიდენის შვილის შესახებ გამოძიების დაწყებას სთხოვდა.  

ამ საგარეო ამბის ბოლომდე გარკვევა და მისი მნიშვნელობის გააზრება ამერიკელებს გაუჭირდათ. ახლა ყველაფერი გასაგებად უფრო მარტივია. 

პროცედურული განსხვავება კი ისაა რომ, პირველი იმპიჩმენტის დროს რესპუბლიკელები ტრამპს მხარს უჭერდნენ, ახლა კი ბევრი მათგანი მას განუდგა.

სენატის მომდევნო სხდომა 19 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე მხოლოდ ერთი დღით ადრეა ჩანიშნული. ვაშინგტონში კი 21 იანვრამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.  

ავტორი: ანა ასათიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი