კასპის თავდასხმაში ბრალდებულ გიორგი მენაბდიშვილს ბრალს ოფიციალურად რამდენიმე წუთში სსკ-ს 144 მუხლის მეორე ნაწილით წარუდგენენ, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხობს. მენაბდიშვილის ადვოკატის თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი უკვე მესამე დღეა შიმშილობას აგრძელებს და უარს ამბობს ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღებაზე.
"გუშინდელი ინფორმაციით, ის კიდევ შიმშილობს. როგორც დროებითი იზოლატორის ექიმმა განმარტა, ის მედიკამენტების მიღებაზეც აცხადებს უარს... ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს", - ამბობს ქეთევან გაგოევა, გიორგი მენაბდიშვილის ადვოკატი.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მენაბდიშვილმა შიმშილობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო, იგი უარს ამბობს ადვოკატთან შეხვედრაზეც.
ცნობისთვის,16 იანვარს, გიორგი მენაბდიშვილი კასპში სპეცოპერაციის დროს დააკავეს და მას გამოძიება მძევლების აყვანას ედავება.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, თავდამსხმელი შსს-სგან მანქანას ითხოვდა, რომლითაც იგი საქართველოს ტერიტორიის დატოვებას და რუსეთის მიმართულებით გადაადგილებას აპირებდა.