ვინ აფინანსებდა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე შეტევას. FBI-მ უნდა დაადგინოს უცხოური მთავრობების, ორგანიზაციებისა და ცალკეული ექსტრემისტების ჩართულობა საუკუნის საქმეში, რომლითაც ამერიკის ისტორიაში პირველად იყო მცდელობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შეცვლილიყო და დონალდ ტრაპს პრეზიდენტობა შეენარჩუნებინა.
FBI-მ უნდა გამოიძიოს ისიც, ვინ იდგა 500 ათასი დოლარის ეკვივალენტის ბიტკოინის ტრანზაქციის უკან, რომელიც საფრანგეთის მოქალაქისგან ამბოხში ჩართულ მთავარ ფიგურანტებს გადაერიცხათ.
ამას ემატება ამერიკის ხაზინის დეპარტამენტის სანქციები უკრაინელი პოლიტიკოსებისა და ოლიგარქების მიმართ, ვისაც პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან.
აშშ-ს არჩევნებში ჩარევისთვის ოლიგარქების სანქცირების პროცესი რომ გაგრძელდება და ასეთი პირების წრე გაიზრდება, ამაში დარწმუნებულია ოპოზიცია.
ისინი არ გამორიცხავენ რომ ამ დიდ ჯაჭვში ბიძინა ივანიშვილის კვალიც გამოიკვეთოს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ივანიშვილს სანქციების შეეშინდა და არც გაქცევა და არც ქონების საქველმოქმედო ფონდისთვის გადაფორმება შემთხვევითი არ არის. ამ ვერსიას კატეგორიულად ეწინააღმდგებიან ოლიგარქის თანაგუნდელები.
ვინ არის დონალ ტრამპთან ივანიშვილის შუამავალი? "ლეიბორისტების" ლიდერის ინფორმაციით, ოლიგარქის მედიატორი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, ბიზნესმენი შოთა შალელაშვილია, რომელიც თავის მხრივ დონალდ ტრამპის სიძესთან ჯარედ კუშნერთან არის კავშირზე.
ლეიბორისტების ლიდერის ამ განცხადების შემდეგ შოთა შალელაშვილს დავუკავშირდით. ოცნების სიით გასულმა ყოფილმა დეპუტატმა ეს კავშირები საერთოდ უარყო. ბიზნესმენი ამტკიცებს რომ მას ბოლო ერთი წელია პოლიტიკასთან შეხება აღარ აქვს.
ბიძინა ივანიშვილის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან შესაძლო კავშირს არ გამორიცხავს საქართველოს მესამე პრეზიდენტიც.
ნიკა გვარამიას მთავარ აქცენტებში მიხეილ სააკაშვილმა ოლიგარქის პოლიტიკიდან ფორმალურად წასვლის მიზეზებსა და საერთაშორისო კონტექსტზე ისაუბრა. მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ ტრამპის გამარჯვებით ვლადიმერი პუტინი იყო დაინტერესებული, ბიძინა ივანიშვილი კი დონალდ ტრამპს მისი სიძის ჯარედ კუშნერის დახმარებით უკანონოდ აფინანსებდა.
ვინ და როგორ ჩაერია ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში? ჯო ბაიდენის ინაუგურაციის შემდეგ ექსპერტების ელოდებიან რომ არსებული კითხვის ნიშნები მოიხსნება და FBI-ს გამოძიება კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე გავა. გამოძიების ფედერალური ბიურო რისკების შეფასების ანგარიშში პირდაპირ წერს რომ რუსეთისა და ჩინეთის გავლენის აგენტები 6 იანვრის მოვლენებზე დეზინფორმაციას მიმართულად ავრცელებდნენ.