პარტია "ლელოს" და "მოქალაქეების" ლიდერების, მამუკა ხაზარაძისა და ალეკო ელისაშვილის, დებატები "რუსთავი 2"-ის ეთერში დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ელისაშვილმა ხაზარაძეს საქართველოში მიმდინარე მწვავე მოვლენების მიმართ გულგრილობასა და "ქართულ ოცნებასთან" ფარული შეხვედრების გამართვაში დასდო ბრალი, რამაც "ლელოს" ლიდერის გაღიზიანება გამოიწვია.
"20 ივნისის მერე რა ნამუსით გეძინა, მაშინ საქართველო არ გაგხსენებია?.. სანამ პრობლემა არ შეგიქმნეს ქვეყანა არ გაგხსენებია, ჰო, და ღირსებაზე მელაპარაკები , - უთხრა ელისაშვილმა მამუკა ხაზარაძეს.
მამუკა ხაზარაძე კი ელისაშვილის მონოლოგს "ოცნების" დავალებად მიიჩნევს - "კიდევ? კიდევ რა დაგავალა "ოცნებამ"? - ჰკითხა "ლელოს" ლიდერმა ოპონენტს.
ელისაშვილმა ასე ბრალი დასდო ბადრი ჯაფარიძეს, რომ ის “ოცნებასთან” შეხვედრებს მართავდა- რაზეც, ხაზარაძემ ელისაშვილს უთხრა, დაემტკიცებინა ამ შეხვედრების ნამდვილობა - “დაურეკე კობახიძეს და დაგიდასტუროს... თქვენ ხართ მატყუარა, არ დაგინახოთ ოპოზიურ შეხვედრაზე მოსული... ხელსაც არ ჩამოგართმევ”.
-“ბანკირებისგან და ხალხის მყვლეფავებისგან რა უნდა გაგიკვირდეს” - თქვა ელისაშვილმა რეპლიკის სახით.
მამუკა ხაზარაძემ ასევე უთხრა ელისაშვილს, რომ ის მატყუარაა და იკითხა - “რას ემსახურება ეს ლაპარაკი? ვის დაკრულზე დადიხარ გაარკვიე”.
ორ პოლიტიკოსს შორის დაპირისპირება ლამის ფიზიკურ შეხლა-შემოხლამდე მივიდა, მათ შორის ჟურნალისტები, იაგო ხვიჩია და დაცვის წევრი ჩადგნენ.
აღსანიშნავია რომ მამუკა ხაზარაძემ ამ ეთერის შემდეგ - მთავარ არხზე “ღამის მთავარში” თქვა, რომ რუსთავი 2-მა იგი არ გააფრთხილა იმავე ეთერში ალეკო ელისაშვილის სტუმრობის შესახებ, მათი შეთანხმების თანახმად სტუდიაში მხოლოდ თავად პოლიტიკოსი და წამყვანი უნდა ყოფილიყვნენ.