კრიმინალური სუბკულტურა ციხეში - სახალხო დამცველის თქმით, მას სახელმწიფო ციხის კრიმინალებს უპირისპირებს

გამოქვეყნდა:

რამ შეუწყო ხელი ციხეებში სუბკულტურის დომინაციის აღდგენას, ხომ არ აუნთო ამას მწვანე შუქი იუსტიციის მინისტრის განცხადებამ, როცა მან თქვა, რომ თქვენ არ ხართ მისი ომბუდსმენი - სახალხო დამცველმა "დღის სტუმარში", გადაცემის წამყვანის ამ შეკითხვას უპასუხა, რომ პირველ რიგში, პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას და ცხადია, ზოგადად, ხელისუფლებას, იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს. 

"პატიმრების დაახლოებით ნახევარი განთავსებულია დახურული ტიპის დაწესებულებაში და იქედან დაახლოებით 1.500 საჩივარი მივიღეთ, აქედან მხოლოდ 4% მოდის ე.წ. ზონის პატიმრებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ იქ პატიმრებს არა აქვთ უფლება, შესაძლებლობა, თავისუფლად მოგვაწვდინონ ხმა თავიანთ პრობლემებზე", - აღნიშნა სახალხო დამცველმა. 

სახალხო დამცველის თქმით, ხელისუფლება ციხეში მყოფ კრიმინალებს მას უპირისპირებს, რაშიც ნინო ლომჯარია ხელისუფლებასა და პენიტენციურ სისტემას, იუსტიციის სამინისტროს ადანაშაულებს. 

წამყვანის კითხავზე, შეიძლება თუ არა, ითქვას, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა შექმნეს ეს მოდელი, სახალხო დამცველმა დადებითად უპასუხა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებზე კრიმინალების ზეწოლის კონკრეტული მაგალითები მოიყვანა.

"ჩემი ბრიფინგის მთავარი სამიზნე იყო ხელისუფლება, პენიტენციური სისტემა და იუსტიციის სამინისტრო, რომლებმაც შექმნეს ეს მოდელი. ნებისმიერ შემთხვევაში, ამის უკან ისინი დგანან თუ არა, ეს მათი პასუხისმგებლობის საკითხია", - ამბობს სახალხო დამცველი.

წამყვანის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ნინო ლომჯარიას, როგორც სახალხო დამცველს ობსტრუქციას უწყობენ, სახალხო დამცველმა უპასუხა: "დიახ, ძალიან ზუსტად დახატეთ სურათი, ამაში მდგომარეობს პრობლემა". 

ამის შემდეგ სახალხო დამცველმა კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა.

"ვიმყოფებოდი მე-17 დაწესებულებაში შარშან და პატიმრები ძალიან ჩუმად საუბრობდნენ და მიმანიშნებდნენ იმაზე, რომ ყველაფერი ისე არის, როგორც ჩვენ ვსაუბრობთ. ისინი გვიდასტურებდნენ, რომ პრობლემა არსებობს, მაგრამ ახლა ქმიან ისეთ სიტუაციას, რომ ამ ადამიანებამდე ფიზიკურად ვერ მივიდეთ. ჩვენი მცდელობისას, შევიდეთ ამ ადამიანებთან კომუნიკაციაში, მთარდება იმით, რომ ჩნდებიან კონკრეტული ადამიანები, ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც ერთი და იგივე პირები არიან", - ამბობს სახალხო დამცველი "დღის სტუმარში".

შეგახსენებთ, ნინო ლომჯარიამ დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი განიხილავს პრევენციული მონიტორინგის ვიზიტების მხოლოდ დამატებითი უსაფრთხოების ზომების პირობებში განხორციელების შესაძლებლობას, რაც ბუნებრივია, დააბრკოლებს პატიმართა უფლებების ეფექტიანად დაცვის ღონისძიებებს. ბუნებრივია, აპარატი გააგრძელებს ინდივიდუალურ შეხვედრებს პატიმრებთან.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი