ფარული ჩანაწერები კარტოგრაფების საქმეში-პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებზე გასვლას ცდილობს

გამოქვეყნდა:

ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილისთვის ბრალის დაზუსტების პროცედურა აქციის ფონზე დაიწყო და დასრულდა. სამოქალაქო აქტივისტები და საპატიმროსთან შეკრებილი პოლიტიკოსები ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას აპროტესტებდნენ და ხელისუფლებას მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას სთხოვდნენ, როგორც მძევლების, რომლებსაც მმართველი გუნდი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. 

ბრალდებამ დღეს მხოლოდ ერთი დეტალი დააზუსტა, კარტოგრაფები ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ზემდგომი მაღალჩინოსნების დავალებით ჩადიოდნენ.  დაანონსდა ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროებაც, რომელიც პროკურორების მტკიცებით მეცნიერების დანაშაულსა და ყოფილი მაღალჩინოსნების ბრალეულობას ამხელს. 

რა შინაარსის შემცველია საგამოძიებო მოქმედებების დროს მოპოვებული ფაილები პროკურორებს არ დაუკონკრეტებიათ, არ უსაუბრიათ არც იმ ყოფილი მაღალჩინოსნების შესახებ, რომელთა ბრალეულობაც მათი მტკიცებით, საქმეში გამოკვეთეს. ადვოკატების თქმით, ახალი ბრალდებაში არაფერია და ბევრს არც ახალი მტკიცებულებები შეცვლის.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს არათუ ვერ აცნობიერებს და პოლიტპატიმრებს ციხეში ტოვებს, პირიქით პროკურატურის ხელით მორიგ რეპრესიებს აანონსებს. აქ მთავარი ოპონენტების დევნის გარდა, კიდევ ერთია, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამ საქმით, პირდაპირ ემსახურება რუსეთის ინტერესებს, რომლის მიზანიც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის დაძაბვაა. 

ივერი მელაშვილის მეუღლის, თამარ სულაძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რომ მეცნიერების დაკავების მიზანი ყოფილ მაღალჩინოსნებზე გასვლაა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ჩანაწერები, თუ იქ მართლაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იკვეთება გაყალბებული იყოს. 

რას აპირებს პროკურატურა უკვე მარტივი სავარაუდოა, უახლოეს მომავალში ბრალი წარედგინებათ წინა ხელისუფლების იმ ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებიც მმართველი გუნდის პოლიტიკური ოპონენტები არიან და მეორე - საბოლოო მიზანი სავარაუდოდ, ანტისახელმწიფოებრივი ქმედების ბრალდებით მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის დამნაშავედ  გამოცხადებაა. 

კარტოგრაფების საქმეზე სასამართლო სხდომა 28 იანვარს ჩაინიშნა, ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ ივანიშვილის დავალებას სასამართლოც ისევე პირნათლად შეასრულებს, როგორც პროკურატურამ შეასრულა და მეცნიერები დამნაშავეებად გამოცხადდებიან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი