მუქარა და სიტყვიერი თავდასხმები პატიმრების ერთი ჯგუფის მხრიდან ომბუდსმენის წარმომადგენლებზე უკვე საშიშ ზღვარზეა. ციხეში მონიტორინგზე შესვლა სახალხო დამცველის რწმუნებულებისთვის სახიფათო გახდა. პატიმართა პრობლემების მოსასმენად შესულებს ძირითადად საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა და ციხის ე.წ. მაყურებლების მართული ჯგუფების აგრესიის მოგერიება უწევთ.
ომბუდსმენი ამბობს რომ სიტუაცია განსაკუთრებით საგანგაშოა იმ ფონზე რომ ადმინისტრაცია პრობლემაზე არ რეაგირებს, პირიქით ყოველთვის ციხის არაფორმალური მმართველების თავდასხმების მხარდამჭერია.
ნინო ლომჯარია ფიქრობს რომ ხელისუფლება ამ ფორმით ომბუდსმენის წინააღმდეგ პატიმრების დაპირისპირებას ცდილობს.
ციხეების ადმინისტრაცია ხელოვნურად უქმნის ბარიერს მონიტორინგისას, მათ მიერ მართული კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლების დახმარებით აჩუმებენ პატიმრებს და არ აძლევენ მათ პრობლემებზე საუბრის საშუალებას, რითიც ცდილობენ შეინარჩუნონ ის მოჩვენებითი წესრიგი რომელსაც ციხის მაყურებლები უზრუნველყოფენ.
თუმცა ციხეებში ყველაფერი კარგად არ არის. ამაზე მიუთითებს ის საგანგაშო ანგარიშიც რომლის გამოც ომბუდსმენს სჯიან. სახალხო დამცველის აპარატში რჩებათ შთაბეჭდილება რომ ციხის ადმინისტრაცია კრიმინალებთან გარიგებაშია და მათთან სინქრონულად მოქმედებენ, რისი მაგალითებიც არაერთი აქვთ.
როგორც მოსალოდნელი იყო პენიტენციურმა სამსახურმა სახალხო დამცველის ყველა ბრალდება უარყო.
ამ განცხადების პათოსი სრულად გაიზიარა თეა წულუკიანმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა რომელიც ერთერთი პირველი იყო ვინც კრიტიკული ანგარიშის გამო სახალხო დამცველს ღიად დაუპირისპირდა. დღეს წულუკიანიც ამტკიცებს რომ ომბუდსმენის აპარატს ციხეებში პრობლემა დაბალი სანდოობის გამო ექმნება.
არასამთავრობო ორგანიზაციები კი ხელისუფლებას ომბუდსმენის განცხადებაზე რეაგირებას სთხოვენ. მესამე სექტორში თვლიან რომ სახალხო დამცველთან ბრძოლის ნაცვლად მთავრობამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იმუშავოს, ისინი ამტკიცებენ რომ ციხეებში კრიმინალური სუბკულტურის გავლენები ნამდვილად პრობლემურია. გაჩერებას არც სახალხო დამცველი გეგმავს.
ომბუდსმენის აპარატს გამოძიების დაწყების წინადადება პროკურატურაშიც აქვს გაგზავნილი. ისინი ყველა იმ პასუხისმგებელი პირის დასჯას ითხოვენ ვინც სახალხო დამცველის წარმომადგენელს საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლის.