„საქართველო რუსთის წინააღმდეგ (II)” - ე.წ. აგვისტოს ომის საქმეზე ხვალ, 21 იანვარს სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოსმენა საქმეზე თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კი იუსტიციის მინისტრი განცხადებას გააკეთებს.
რაც შეეხება თვითონ აგვისტოს ომის საქმეს, საქართველო რუსეთს ევროკონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება და სხვ.
საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, 2013 წლიდან მოყოლებული, რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ წარადგინა მყარი პოზიციები და მტკიცებულებები, რისთვისაც იუსტიციის სამინისტრომ უზარმაზარი სამუშაო გასწია. შესწავლილი, გაანალიზებული და სასამართლოსათვის მიწოდებული იქნა სხვადასხვა წყაროში არსებული ფართომასშტაბიანი, კომპლექსური და დიდი ოდენობის დოკუმენტი/მტკიცებულება.
სხვადასხვა დროს სტრასბურგის სასამართლოს საქართველოს მხრიდან წარედგინა 700-მდე მტკიცებულება, მათ შორის:
• ვიდეო- და ფოტომასალები,
• რადარის მონაცემები,
• ექსპერტის დასკვნები, სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები,
• სეისმური სადგურის მიერ აფეთქებების დამადასტურებელი ჩანაწერები,
• მოწმეთა ჩვენებები,
• სატელიტური სურათები,
• მედიის მასალები,
• საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები,
• სატელეფონო მიყურადების ჩანაწერები,
• განაღმვის ანგარიშები,
• გორში აფეთქებული „ისკანდერის“ ნაწილები და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ.)
და არაერთი დოკუმენტი შესაბამისი ანალიზითა და არგუმენტებით.
• 2016 წლის 17 ივნისს საქართველოს მთავრობის მიერ 2015 წელს წარდგენილი წერილობითი პოზიციების შესწავლის სტრასბურგში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯამში, 33 მოწმეს მოუსმინა (მოწმეები გამოძახებულნი იყვნენ როგორც საქართველოს და რუსეთის მიერ, ისე სასამართლოს ინიციატივით).
• 2018 წლის 23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში საქმეზე ზეპირი მოსმენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საქართველო მყარი პოზიციებითა და მტკიცებულებებით წარსდგა.
პირველადი საჩივარი საქმეზე საქართველომ, ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და მოითხოვა დროებითი ღონისძიების მიღება. ხოლო ოფიციალური სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს იქნა წარდგენილი. 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ საქართველოს საჩივარი დაშვებულად გამოაცხადა" ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.