სტრასბურგმა თქვა, რომ დიახ, რუსეთის დირექტივით მოქმედებდნენ რუსი და სეპარატისტი სამხედროები - სოფო ასათიანი 

გამოქვეყნდა:

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის წარმომადგენელი, სოფო ასათიანი ამბობს, რომ საქმეში - "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ"  სრტასბურგის სასამართლომ მიღებულ გადაწყვეტილებაში სამ ძირითად შეკითხვას უპასუხა, რომელთა ნაწილი პროცედურული ხასიათისაა, ნაწილი შინაარსობრივი.

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დღეს, რომ უდიდესი მნიშვნელობის დავა გადაწყვიტა, მისი მორალური და სამართლებრივი კუთხით, ამაზე ბევრი დაიწერება ალბათ. თუმცა, აუცილებელია, მთავარი საკითხები განვმარტოთ. შეგახსენებთ, ეს საქმე მთლიანად ეხება 2008 წლის აგვისტო-ოქტომბერში განვითარებულ მოვლენებს. სასამართლომ გადაწყვეტილებაში სამ ძირითად შეკითხვას უპასუხა, რომელთა ნაწილი პროცედურული ხასიათისაა, ნაწილი შინაარსობრივი:

1. ჰქონდა თუ არა რუსეთს ზოგადი კონტროლი აფხაზ და ოს სეპარატისტებზე და მათ ქმედებებზე და შესაბამისად, შეერაცხება თუ არა რუსეთს, 2008 წლია აგვისტოს ომის დროს და შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობა, წამება, არაადამიანური მოპყრობა, დევნა და ქონების განადგურება?

ამ კითხვაზე სასამართლომ საკითხი ორად გაყო და თქვა, რომ 12 აგვისტომდე, უჭირს დადგენა კონტროლის, ვინაიდან ორმხრივი ომი მიმდინარეობდა, ქაოსი იყო, და ვერ პასუხობს ნათლად, ვის სასარგებლოდ იყო , ხოლო 12 აგვისტოს შემდეგ ნათლად უპასუხა-რომ დიახ, რუსეთის დირექტივით, მონაწილეობით და დახმარებით მოქმედებდნენ როგორც რუსი, ასევე, სეპარატისტი სამხედროები;

2. ადგილი ჰქონდა თუ არა უფლებების დარღვევის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, რაც გამორიცხავს განმცხადებლის ვალდებულებას ამოწუროს შიდა მექანიზმები.(სტრასბურგამდე სამართალი ეძიოს რუსეთის საგამოძიებო და სასამართლო სტრუქტურებში):

სასამართლომ აქაც გვიპასუხა, რომ დიახ, ადგილი ჰქონდა წამების, მკვლელობის, უფლებების შელახვის ადმინისტრაციულ პრაქტიკას, ანუ იმდენად ფართომასშტაბიანად და მიზანმიმართულად ხდებოდა ეს დარღვევები, რომ ცალკეულ ინციდენტებად კი არა, ერთიან პრაქტიკად განიხილავს

3. შეძლო თუ არა, საქართველომ ფართომასშტაბიანი უფლებების დარღვევის დემონსტრირება, სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით?

სასამართლომ აქ, სხვადასხვა უფლებებთან დაკავშრებით, დარღვევების სხვადასხვა მასშტაბი დაინახა, რაც ბუნებრივია. თუმცა, მთავარია, რომ დიახ, სიცოცხლის უფლება ხელყო რუსეთმა, დიახ, აწამა ჩვენი მოქალაქეები და დიახ, გაუნადგურა ქონება", - წერს სოფო ასათაიანი 

აქვე გეტყვით, რომ სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელი დააკმაყოფილა. 

 

შეგახსენებთ, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში, თავდაპირველად, სარჩელი რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე შეიტანა, მაგრამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელი საბოლოო ფორმით ევროპულ სასამართლოს 2009 წლის 6 თებერვალს წარედგინა.

მასში საქართველო რუსეთს ბრალს დებს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა და მის კონტროლ ქვეშ მყოფმა სეპარატისტული რეგიონების ძალებმა განურჩეველი და არაპროპორციული თავდასხმები განახორციელეს მშვიდობიან მოქალაქეებზე და მათ ქონებაზე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის  დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებიც ეხება:

  • სიცოცხლის უფლებას;
  • წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას;
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას;
  • პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას;
  • ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას;
  • საკუთრების დაცვის უფლებას;
  • განათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას. 

რუსეთი ყველა ამ ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რომელთაც, მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვისთვის საჭირო მტკიცებულებები არ ახლავს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმები მის სამხედრო ძალებს არ დაუწყიათ და რომ მისი შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას საქართველოს თავდასხმისგან იცავდნენ.

აგვისტოს ომთან დაკავშირებული ამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის გარდა, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დაწყების მოლოდინშია, დაახლოებით, ორი ათასამდე ინდივიდუალური სარჩელი, რომლებიც ამავე ომს უკავშირდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი