იმედია, პერსონაჟებში თქვენს თავს ამოიცნობთ - "მთავარის" იურისტმა ბექაურს, სხდომაზე, ორუელის "1984" შეახსენა

გამოქვეყნდა:

ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის სხდომაზე, სადაც კომისიის წევრები მთელი ორი საათის განმავლობაში, "მთავარი არხის" საეთერო ბადეში გულმოდგინედ ეძებდნენ უხამსობას, კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს, მთავარი არხის იურისტმა თამთა მურადაშვილმა უთხრა, რომ კომისიას მედიის ცენზურა აქვს განზრახული. 

თამთა მურადაშვილმა ასე ბექაურს მას შემდეგ მიმართა, რაც კითხვა დაუსვა, ესწრებოდა თუ არა სხდომას ივანე მაჭავარიანი (ფინანსთა მინისტრი, ვინც პარლამენტში ფეხებს შორის ადგილს იფხანდა და ბექა ყორშიას სიუჟეტში მახვილგონივრული სარკაზმით გაშუქდა} და გაუზავნეს თუ არა მას შეტყობინება იმის შესახებ, რომ სხდომა იყო ჩანიშნული, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო.

"გამომდინარე იქედან, რომ ივანე მაჭავარიანი არ მოგიწვევიათ, მაჭავარიანის უფლებების დაცვა აქ არაფერ შუაშია, თქვენ, უბრალოდ, განზრახული გაქვთ მედიის ცენზურა და გამოიყენეთ ეს მაგალითი. მე იმასაც ვფიქრობ რომ, თქვენ პირადად, ან თქვენი პარტიის თავმჯდომარე სპეციალურადაც უკეთებთ ამას ივანე მაჭავარიანს", - თქვა თამთა მურადაშვილმა სხდომაზე.

მთავარი არხის იურისტი დაინტერესდა, როგორ მოხდა, რომ ჯერ კიდევ 2009 წელს, საკონსტიუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მარეგულირებელმა კომისიამ გადახედვას დაუქვემდებარა.

"კეთილი ინებეთ და ამიხსენით, როგორ ხდება ჯერ კიდევ 11 წლის წინ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვა, 7 დეკემბერს რომ გადაწყვიტა კომისიამ, ახალი ბერკეტი გამოიყენოს და მედიის ცენზორი გახდეს, ამაზე მოგიწევთ განმარტება", - თქვა თამთა მურადაშვილმა. 

მთავარი არხის იურისტმა კახა ბექაურს წიგნიც შეახსენა და აჩვენა, რომელიც სპეციალურად ამ სხდომისთვის წამოიღო, ამასთან, ბექაურს ისიც შეახსენა, რომ ჯორჯ ორუელის "1984"ბიძნა ივანიშვილის საყვარელი წიგნია.

"აგერ მაქვს წიგნი, სპეციალურად მოვიტანე, თქვენი პოლიტიკური მშობლის, რომელიც მან აჩვენა კადრში - ალბათ, საკუთარ თავებს ამოიცნობთ ამ ლიტერატურული ნაწარმოებიდან. აზრის პოლიციად ნუ ჩამოყალიბდებით", - თქვა მან, ბოლოს კი  მარეგულირებელ კომისიას სიმბოლურად, რუსული ფრაზით "до свидания!" დაემშვიდობა.

შეგახსენებთ, 2009 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადინა, რომ მედიანამუშევრის შინაარსის გადახედვა და ცენზურა დაუშვებელია, ხოლო შეიცავდა თუ არა სიუჟეტი უხამსობას, შიდა მარეგულირებელი კომისიის დასადგენი იყო და არა ეროვნული კომუნიკაციების კომისიის.

რაც შეეხება მარეგულირებლის სამიზნეს, ეს იყო ჟურნალისტ ბექა ყორშიას სიუჟეტი, სადაც, წიგნიდან მოყვანილ ციტატაში და სხვა ხუმრობებში, რომლებიც დაცულია გამოხატვის თავისუფლებით, მარეგულირებელმა უხამსობა აღმოაჩინა.

დღევანდელი განხილვაც უშედეგოდ დასრულდა, კომისია ხელახლა შეიკრიბება ერთი კვირის თავზე და მთავარი არხის სეთერო ბადეში უხამსობის ძებნას აღდგენილი ძალებით შეეცდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი