სოფიო მურადოვი რუსეთ-საქართველოს ომის სიმბოლოდ მას შემდეგ იქცა, რაც მისი ტრაგედია გორის დაბომბვის დროს ერთერთ ყველაზე შემზარავ ამბად იქცა. იმ დღის შემდეგ, უამრავი ოპერაცია დასჭირდა და ყველა უშედეგო აღმოჩნდა, უკვე 13 წელია ლოგინს მიეჯაჭვა. დღეს ფიქრობს, რომ ბოროტებაზე გაიმარჯვა. მის ტრაგედიაში მთავარ დამნაშავეს კი დღეს მსოფლიომ სილა გააწნა.
რაზმაძეების ტრაგედიამ მაშინ მთელი საქართველო შეძრა. 7 წლის დიტომ, საავადმყოფოში გონზე მოსვლის შემდეგ გაიგო, რომ დედ-მამა დაბომბვის დროს დაეღუპა. დედა მაშინ მეორე ბავშვს ელოდებოდა. მშობლებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად ყველაფერი გააკეთეს შვილის გადასარჩენად.
ფიქრია შველიძე დღევანდელ დღეს განსაკუთრებით ელოდებოდა. 2008 წლის ომის დროს ის სოფელ კეხვიდან გამოაგდეს. ათასობით ადამიანის მსგავსად საკუთარი სახლ-კარი ოკუპანტებმა ფიქრიასაც ძალით დაატოვებინეს. სახლთან ერთად ყველაფერი, რაც მისთვის ძვირფასი იყო. სოფლის საბავშვო ბაღის ექთანი ახლა, წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს და სტრასბურგის გადაწყვეტილება მისთვის ემოციური აღმოჩნდა.
2008 წლის ომის დღეების გახსენება ნანა ბერუაშვილს განსაკუთრებით უჭირს. ყველაზე მეტად განიცდის,რ ომ დაღუპული ოჯახის წევრების საფლავების მონახულება აღარ შეუძლია. სახლი, რომელიც დატოვა, ხშირად ესიზმრება.
კონფლიქტის შედეგად 130 000 ადამიანს იძულებით მოუხდა საცხოვრებელი სახლის დატოვება, 25 000 დღემდე იძულებით გადაადგილებული პირია. მათმა დიდმა ნაწილმა ფოტოების წამოღებაც ვერ შეძლო. ამ დღეების გახსენება ყველასთვის ერთნაირად მძიმეა.
2008 წლის აგვისტოს რუსეთ- საქართველოს ომში დაიღუპა თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შსს-ს 14 თანამშრომელი და 224 მშვიდობიანი მოსახლე. დაიჭრა 2 232 სამხედრო და სამოქალაქო პირი, უმძიმესი ტრაგედიის ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება შეუძლებელია, მაგრამ საკუთარი სახლიდან დევნილ და წამები მსხვერპლ ოჯახებს ისიც შვებას აძლევთ, რომ ოკუპანტს საერთაშორისო სასამართლომ ნიღაბი საბოლოოდ ჩამოხსნა.