
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი "ქართული ოცნებასთან" შეხვედრის წინ აცხადებს, რომ აინტერესებთ მოლაპარაკებების წინა ოთხი რაუნდის შემთხვევაში დასახელებულ 4 მოთხოვნაზე რამდენად სერიოზული მზაობა აქვს მმართველ პარტიას.
"4 მოთხოვნა რაც იყო მოლაპარაკების 4 რაუნდის განმავლობაში, ამ ოთხ საკითხთან დაკავშირებით რამდენად აქვს სერიოზული მზაობა ქართულ ოცნებას ეს გვაინტერესებს, ამ პუნქტების შეუსრულებლობის გარეშე ჩვენ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, განსაკუთრებით, ჩვენთვის პრიორიტეტულია პოლიტპატირმები, საარჩევნო სისტემის ცვლილება და საარჩევნო ადმინისტრაციის სრული რეფორმირება", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "მოქალაქეებიდან" ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი, ამ წუთებში პარლამენტში არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძეს ხვდებიან. შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები მისი დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, როცა ლიდერები მედიასთან კომენტარებს გააკეთებენ.
21 იანვარს ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ მათ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები და კინკლაობა დაასრულეს, სანაცვლოდ კი "ქართულ ოცნებას" საჯაროდ შეხვედრა და საუბარი შესთავაზა.