სტრასბურგმა გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო - აშშ-ს საელჩო

გამოქვეყნდა:

საქართველოში ამერიკის საელჩო 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ სტრასბურგის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება და ამბობს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოს საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად სცნო. 

გთავაზობთ განცხადებას სრულად:

" "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ" სახელმწიფოთაშორის სარჩელში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სასამართლომ გადაწყვეტილება მკაფიოდ საქართველოს სასარგებლოდ მიიღო და რუსეთი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მრავალი მუხლის დარღვევაში პასუხისმგებლად ცნო, მათ შორის ცალკეული პიროვნებების დაკავებასა და წამებაში და საქართველოს მოქალაქეებისთვის სახლებში დაბრუნების უფლების ჩამორთმევაში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ არ ჩაატარა სრული ან შესაბამისი გამოძიება იმ მოვლენებისა, რომელიც მოხდა საომარ მოქმედებამდე და მას შემდეგ.

სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნას, რომ რუსეთმა შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევები. განსაკუთრებით საგანგაშო და მიუღებელია რუსეთის მცდელობები, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები ბორდერიზაციის გზით, თვითნებური დაკავებებით, ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის გადაკვეთის შეზღუდვითა და სოციალურ-ეკონომიკური და სამხედრო „ხელშეკრულებების" დადებით საქართველოს ორ რეგიონთან. ეს ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის სიცოცხლეს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს და არ აძლევს მათ იმ უფლებებით სარგებლობისა და შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი", - წერს ამერიკის საელჩო. 

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:

  • წამების აკრძალვა - კონვენციის მე-3 მუხლი; 
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება - კონვენციის მე-5 მუხლი;
  • მიმოსვლის თავისუფლება - კონვენციის, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი;
  • პირადი და ოჯახური ცოხვრების დაცულობის უფლება - მე-8 მუხლი;
  • საკუთრების უფლება - პირველი დამატებითი ოქმის პირველი ოქმი;
  • ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება;
  • ანათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლება.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი