სამოქალაქო აქტივისტებსა და პროკურორს შორის შეხვედრა თელავში შედეგის გარეშე დასრულდა
კარვის ინციდენტის გამო, დაზარალებულად ცნობილ 2 აქტივისტს საქმის პროკურორის ნაცვლად, სხვა პროკურორი შეხვდა, რომელმაც განუმარტათ, რომ არ იკვეთება დანაშაულის მოტივი, წაშლილია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და იდენტიფიცირებული პირების წინააღმდეგ, ამ დრომდე მტკიცებულებებს აგროვებენ.
აქტივისტები, რომლებთან ერთადაც პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია იმყოფებოდა, უწყებაში 2 საათიანი პროტესტის შემდეგ, მხოლოდ მას შემდეგ შეუშვეს, რაც შენობის წინ ტუალეტის ქაღალდები დაყარეს.
პროტესტის მონაწილეები აქციების გაგრძელებას იმ დრომდე აპირებენ, ვიდრე არ დაისჯებიან ის პირები, რომლებმაც 1 იანვარს თელავში კარავს ავტომობილი მიზანმიმართულად დააჯახეს.
შეგახსენებთ, ელენე ხოშტარია დღეს კახეთში ჩავიდა და თელავის პროკურატურასთან ხმაურიანი საპროტესტო აქცია გამართა.
ავტორი: ია გულიაშვილი