ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას სტრასბურგის გადაწყვეტილების "სათანადოდ შესრულების უზრუველყოფისკენ" მოუწოდებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მოუწოდებენ რუსეთის ფედერაციას 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის მეირ მიღებული გადაწყვეტილების "სათანადოდ შესრულების უზრუნველყოფისკენ". 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. 

"2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ გამოაქვეყნა ისტორიული  მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილება სახელმწიფოთაშორის სარჩელზე 2008 წლის აგვისტოში საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის შეიარაღებული კონფლიქტის და მისი შედეგების შესახებ. გადაწყვეტილებაში მოცემულია მკაფიო დასკვნა, რომ 2008 წლის 12 აგვისტოს შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე ეფექტიანი კონტროლის განხორციელებისას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სხვადასხვა მუხლი დაარღვია.

სამართლიანობის მიღწევა და პასუხისმგებლობა კონფლიქტის მოგვარების მნიშვნელოვანი ნაწილია და ევროკავშირი რუსეთის ფედერაციას ამ გადაწყვეტილების სათანადო შესრულების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებს.

ევროკავშირი სრულ მზაობას გამოხატავს, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარებას, რისთვისაც ასევე საჭიროა ძალისხმევა წარსული კონფლიქტების მემკვიდრეობის აღმოსაფხვრელად, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში თანათავმჯდომარეობის, სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ძალისხმევისა და ადგილზე გადამწყვეტი როლის მქონე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით.

ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ 21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში ჩვენი ქვეყანა გამარჯვებულად გამოაცხადა. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთმა დაარღვია შემდეგი უფლებები:

  • წამების აკრძალვა - კონვენციის მე-3 მუხლი; 
  • თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება - კონვენციის მე-5 მუხლი;
  • მიმოსვლის თავისუფლება - კონვენციის, მე-4 დამატებითი ოქმის მე-2 მუხლი;
  • პირადი და ოჯახური ცოხვრების დაცულობის უფლება - მე-8 მუხლი;
  • საკუთრების უფლება - პირველი დამატებითი ოქმის პირველი ოქმი;
  • ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლება;
  • ანათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლება.
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი