
მთავრობის ადმინისტრაციასთნ მიმდინარე აქციას, სადაც მოქალაქეები შეზღუდვებს აპროტესტებენ, "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი შეუერთდა. გიორგი ვაშაძე აქციაზე "პისიარ" ტესტის პასუხით მივიდა.
ვაშაძე, რომელიც რამდენიმე დღის წინ აშშ-დან დაბრუნდა და ტესტის პასუხის მიხედვით, კოვიდ უარყოფითია, დღეს დემონსტრაციულად დაარღვია კარანტინი.
"უაზრო შეზღუდვის გამო, მე უნდა ვიჯდე სახლში. უცხოეთში ვიყავი, ამერიკაში, სადაც გადაადგილების პრობლება, როდესაც "პისიარ" ტესტი წარვადგინე არ მქონდა. ჩამოვედი საქართველოში და 12 დღიანი კარანტინი გამომიწერეს. ამბობენ, რომ ტესტის მიუხედავად უნდა იყო სახლში ჩაკეტილი. მე დემონსტრაციულად ვარღვევ ასეთ უაზრო შეზღუდვას.
ხალხს შიმშილით კლავენ, ეკონომიკა ამოხუთეს, არავინ არ გვისაბუთებს, რატომაა ესა თუ ის შეზღუდვა საჭირო. არ შეიძლება, ბიზნესი, ეკონომიკა, მოქალაქეები უმუშევარი, მშიერი დატოვო და შენ უბრალოდ, თვითკმაყოფილი იჯდე სკამში" ამბობს ვაშაძე.
მისივე თქმით, უნდა დაიწყოს დაწესებული შეზღუდვების მასიური გაპროტესტება.
შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქცია გაიმართა, სადაც ხელისუფლებას 48 საათიანი ვადა მისცეს გამოხმაურებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სახელისუფლო შენობების პიკეტირება დააანონსეს.
დღეს აქცია გამართეს ლილოს ბაზრობის მოვაჭრეებმაც.
გარდა ამისა, დღეს, კომენდანტის საათის დაწყებისთანავე რუსთაველზე საპროტესტო სეირნობა იწყება.