ირაკლი ფანგანი გაერთიანებული ოპოზიციის სიით გასული დეპუტატის, ირაკლი ჩავლეიშვილის უზენაეს საბჭოში შესვლას აპროტესტებდა. რამდენიმე საათის წინ დაკავებულ აქტივისტს დევნის მუხლით ოფიციალურად წაუყენეს ბრალი, დღეს კი გაათავისუფლეს. როგორც გაირკვა პროკურატურა მისთვის არა პატიმრობას, არამედ გირაოს ითხოვს. თავად ირაკლი ფანგანი მის გათავისუფლებას საზოგადოების პროტესტსა და საპროტესტო აქციებს უკავშირებს, რომელიც გუშინ საღამოს, კომენდანტის საათის მიუხედავად გაიმართა.
არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ალტერნატივას'' წევრის დაკავება პოლიტიკურ დევნად შეაფასა გიგა მაქარაშვილმაც, რომელიც თავად იყო 2018 წელს მსგავსი ქმედების მსხვერპლი. მაშინ სამოქალაქო აქტივისტს, რომელმაც რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ აქცია პერფორმანსი მოაწყო გორის მერიის წინ, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ნაგვის ურნა თავზე დაახურა. მაშინ ამ ქმედების ჩამდენი ნაფიცმა მსაჯულებმა გაამართლეს.
2012 წლიდან დღემდე ოპოზიციაც და სამოქალაქო სექტორიც ბევრჯერ გახდნენ შერჩევითი სამართლის მსხვერპლი. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი კორცხელში 2016 წელს მოხდა. ოპოზიციას ,,ქართული ოცნების'' მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ, თუმცა მოძალადეები არ დასჯილან.
კორცხელს ბორჯომი მოჰყვა 2018 წელს, სადაც ასევე ოპოზიციის ლიდერს გაუსწორდნენ.
ნიკა მელია იყო სამიზნე საარჩევნო კამპანიის დროსა, როდესაც გლდანში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ქვები დაუშინეს. იქ მყოფები შემთხვევით გადარჩნენ. ეს ფაქტი გამოძიებული არ არის.
ფიზიკურად გაუსწორდნენ ნაციონალური მოძრაობის დეპუტატსაც საკრებულოში, მისივე კოლეგები უმრავლესობიდან. მოძალადეებს გირაო შეეფარდათ, საქმის განხილვა ამ დრომდე არ არის დასრულებული სასამართლოში.
ოპოზციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებზე თავდასხმისთვის არავინ დაუკავებიათ, თუმცა ოპოზიციის მხარდამჭერები დაიჭირეს ქუთაისშიც, როცა 2016 წელს ,,ქართული ოცნების'' დეპუტატს დავით ლორთქიფანიძეს პიჯაკი დაუზიანეს.
ამ ფაქტების გათვალისწინებით სამოქალქო აქტივისტები ამბობენ, რომ ქვეყანაში უკვე დამკვიდრდა შერჩევითი სამართალი. ისინი საშიშ პრეცედენტად მიიჩნევენ, როცა სამოქალქო აქტივისტს დევნის მუხლით წაუყენეს ბრალი.
სამაგიეროდ, არ დასჯილა დედაქალაქის მერი, როცა კახა კვეკვესკირს ვარკეთილში სკვერის გახსნის დროს მაისური დაახია.
დამნაშავეა თუ არა ირაკლი ფანგანი? ამ საკთხზე მსჯელობამ საზოგადოება ორად გაყო. ნაწილი პროტესტის ამ ფორმას იწუნებს, თუმცა ყველა თანხმდება, რომ ირაკლი ფანგანი პოლიტიკური პატიმარია.
ორმაგ სტანდარტის პროლემებზე საუბრობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, ,,ქართული ოცნება'' კი ოპონენტებს აკისრებს პასუხისმგებლობას.
ოპოზიციის შეფასებით ,,ქართული ოცნების'' მმართველობა ოპონენტების დევნით გამოირჩევა. ფიზიკურად უსწორდებიან არამარტო ლიდერებსა და აქტივისტებს, არამედ არბევენ მათ ოფისებსაც, მაგრამ ისევ დაუსჯელები რჩებიან.
სასამართლოებში კი ბოლო 8 წლის განმავლობაში პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები მომრავლდა. სწორედ პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ, ფანგანის დაკავებასაც. გირაო თუ აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლება? გადაწყვეტილებას ბათუმის სასამართლო ხვალ მიიღებს.