სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით საკუთარ კაბინეტში დაკავებულ მაღლჩინოსანს ბრალს დღეს, 26 იანვარს წაუყენებენ. გამოძიების ინფორმაციით, ჩუღურეთის გამგებლის მოადგილე მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე ორი კომპანიიდან, ერთ-ერთს, შპს "მშენებლი +" - სს ლობირებდა და სწორედ მის სასარგელოდ მოსთხოვა მეორე კომპანია შპს "ჯი-ელ-გრუპის" ხელმძღვანელს არ მიეღო ტენდერში მონაწილეობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოების წარმოებისას პრობლემების შექმნით დაემუქრა.
სანაცვლოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების დარღვევით, შესთავაზა სამომავლოდ გამოსაცხადებელი ტენდერების პირობების მასზე მორგება. კომპანიის წარმომადგენელი მაღალჩინოსნის მოთხოვნას არ დათანხმდა.
"ქართული ოცნების პირობებში არ არის ახალი, როცა მაღალი თანამდებობის პირები საკუთარ ძალაუფლებას, საკუთარ თანამდებობას ბოროტად იყენებენ და ესე პირდაპირ, კაბინეტში აქვთ გამართული აღებ-მიცემობა. ეს არის სისტემური პრობლემა დედაქალაქის მერიაში, განსაკუთრებით გაცხოველებულია ფულის აღებ-მიცემობა მას შემდეგ, რაც კახი კალაძე გახდა დედაქალაქის მერი, მნიშვნელოვანია, რომ შეისწავლონ ყველა ის გამგეობა, რომელშიც მონაწილეობდა ის კომპანია, რომელსაც გამგებლის მოადგლე ლობირებდა", - ამბობს ენმ-ს წევრი, ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციაში ფირობენ, რომ გამგებლის მოადგილის დაკავება არა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა, არამედ კლანებს შორის დაპირისპირება, რადგან კომპანია ,,მშენებელი +'' მერიის ფავორიტი კომპანიაა. ამას ის ფაქტიც ადასტურებს რომ, 2013 წლიდან დღემდე მას მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერიებიდან ჯამში 4 მილიონ 800 ათასი ლარი აქვს მიღებული.
თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე კი ამბობს, რომ მერია და კახი კალაძე თავად მოუწოდებენ მუნიციპალიტეტებს კორუფციული სამართალდარღვევების მიმართ სიფრთხილისკენ.
"ძალიან ცუდია, რომ დღემდე მაინც ხდება საფუძველი ასეთი სამართლებრივი პროცედურების გატარების აუცილებლობის. ყველა ასეთი ქმედება, გამოიწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას კანონდადგენილი წესით, ყველა კანონის წინაშე ვართ თანასწორი", - თქვა ირაკლი ხმალაძემ.
ლადო გოგსაძის დაკავებას ჩუღურეთის გამგებელი გამოეხმაურა, რომელიც ამბობს რომ მომხდარის შესახებ სწორედ გოგსაძის დაკავების შემდეგ გაიგო.
შეგახსენებთ, მერიის მაღალჩინოსანი სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა.