ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ - შეზღუდვებით დაზარალებული მოქალაქეები საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
სარჩელს ხელს ათასობით ადამიანი აწერს, მათი ნაწილი დღეს კანცელარიასთან გამართულ აქციასაც ესწრებოდა. პროტესტის მთავარი მიზეზი პანდემიის გამო გაღრმავებული კრიზისი და მის დასაძლევად მთავრობის უმოქმედობაა.
"მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ვასაჩივრებთ და მოვითხოვთ არაფრისმომცემი რეგულაციების გაუქმებას. ყველაფერს მივყვებით სამართლებრივი გზით", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეთა თქმით, ლოქდაუნის პირობებში ისინი საბანკო ვალდებულებებსაც კი ვეღარ უმკლავდებიან.
"ჰაერში ვართ, ვისაც არ გვყავს - ჟარგონულად ვიტყვი - "კრიშა". აბსოლუტურად ყველანაირი რესურსი ამოგვეწურა... როგორ უნდა გადავიხადოთ ფართის ფული? არსებობის ფულიც კი აღა გვაქვს", - თქვა აქციის მონაწილემ.
მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ საპროტესტო აქციას პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ. ისინი მმართველი გუნდის პოლიტიკას მავნებლურს უწოდებენ და კრიზისის დაძლევის ერთადერთ საშუალებად ქვეყნის გახსნას ასახელებენ.
ცნობისთვის, გარდა იმისა, რომ სამართლებრივი ბრძოლაც დაიწყო, მოქალაქეები კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგოდ აქციების შეწყვეტას არ აპირებენ. პროტესტის ადგილი სხვადასხვა სამთავრობო უწყება იქნება.
შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საზაოგადოებრივი ტრანსპორტი აღდგება, თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი 4%-ს ჩამოსცდება. სათხილამურო კურორტების ამუშავება კი ამ ეტაპზე არ იგეგმება.
ავტორი: დეა მამისეიშვილი