მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს ერთი საქართველო, მის წინ კი ქუჩაში მეორე საქართველო იყო. განსხვავებული ამ ორ საქართველოში ბევრია, განსაკუთრებით თვალშისაცემი კი ფინანსები. იქ, ხელისუფლება მაღალ ანაზღაურებას ყოველთვიურად შეუფერხებლად იღებს, ქუჩაში დარჩენილი და ახლა უკვე სახლში გამოკეტილი მოსახლეობა კი ბოლო კაპიკებს ითვლის, ან სულაც შიმშილს ებრძვის.
ხალხი ხელისუფლების წინააღმდეგ - საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი, რომელსაც ათასობით ადამიანი ხელს აწერს, უახლოეს დღეებში დარეგისტრირდება. ქართული ოცნებისგან მიტოვებული მოსახლეობა ქუჩის პროტესტთან ერთად სამართლებრივ ბრძოლასაც იწყებს.
გასართობი ცენტრების წარმომადგენლები, ქორეოგრაფები, რეჟისორები, ფიტნეს კლუბების ადმინისტრაცია - დედაქალაქი პროტესტმა მოიცვა. ყველა სფეროს წარმომადგენლები რეგულაციების მოხსნის მიზნით ქართულ ოცნებას უპირისპირდებიან. ხელისუფლების გულგრილობას შეჩვეულები მმართველ გუნდს მხოლოდ გასვლისა და მუშაობის უფლებას სთხოვენ.
აქციებზე გაღარიბებული მოსახლეობის უმეტესობა ვერ მივიდა. მიზეზი მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობაა. ხალხის უმეტესობას არც პირადი ავტომობილი ჰყავს და არც ტაქსით სარგებლობა შეუძლია.
ვიდრე ხალხი კანცელარიასთან აქციას მართავდა, ბიზნესჯგუფების მხოლოდ მცირე ნაწილს შეხვდა მთავრობის ეკონომიკური გუნდი. ხელისუფლებამ მათ უთხრა, რომ შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება, თუმცა არავის დაუკონკრეტებია, ვისთვის, როდის დადგება ეს ეტაპი. უშედეგო აუდიენციის შემდეგ შეხვედრიდან გამოსული ბიზნესი აქციას შეუერთდა.
ხალხის პროტესტს პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ. ოპოზიციონერი ლიდერები ფიქრობენ, რომ ახლა ერთადერთი ბერკეტი მასშტაბური აქციებია, რადგან თავების დათვლის მოყვარულ ხელისუფლებას მხოლოდ ხალხის რაოდენობა შეაშინებს.
ხელისუფლებას, რომელიც 20 ივნისის მერე საპროტესტო აქციებსა და სირცხვილის დერეფნებს შეეჩვია, ფაქტია, რომ ულტიმატუმის ენით მოსაუბრე მოქალაქეების ხმაც არ ესმის. თუმცა, დაპაუზებული საქართველოს მცხოვრებლები ქუჩიდან ბრძოლას განაგრძობენ. ქართულ ოცნებას კი მათ მიერვე ამოქმედებული რეგულაციების გამო თავის მართლება სასამართლოშიც მოუწევს.
ავტორი: დეა მამისეიშვილი