
თეთრი სახლიდან საბოლოოდ წასვლის წინ დონალდ ტრამპი მხარდამჭერებს დაპირდა, რომ „რაღაც ფორმით“ აუცილებლად დაბრუნდება. ჯერ კიდევ ორი თვის წინ ეს დაპირება ლოგიკური იქნებოდა, რადგან მისი პოპულარობის რეიტინგი თითქმის 50% იყო. თუმცა, შემდეგ ის არაპროგნოზირებადი გახდა, დაიწყო უსაფუძვლო ბრალდებები არჩევნების გაყალბების შესახებ, კულმინაციას კი 6 იანვარს მიაღწია, როდესაც მისმა მომხრეებმა მისივე წახალისებით კაპიტოლიუმის შენობაზე მიიტანეს იერიში. შედეგად, ტრამპის რეიტინგი 35% პროცენტამდე დაეცა, რასაც მოჰყვა წარმომადგენელთა პალატის მიერ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება (რიგით მეორედ ოთხწლიან პერიოდში) და თუ ამას 9 თებერვალს სენატმაც მხარი დაუჭირა, ტრამპს სამუდამოდ აეკრძალება მაღალ საჯარო თანამდებობაზე მუშაობა.
დემოკრატებს რომ ტრამპი არასდროს მოსწონდათ, ამაში ალოგიკური არაფერია. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ის დღეს არც ბევრ რესპუბლიკელს ეხატება გულზე და ბოლო წლებში შიდაპარტიულმა განხეთქილებამ იმხელა მასშტაბებს მიაღწია, რომ რამდენიმე ცნობილმა ფიგურამ რესპუბლიკელებისგან დისტანცირება მოახდინა. მათ შორის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა.
ასეთ ვითარებაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებაც, თითქოს დონალდ ტრამპი არც თავად აპირებს რესპუბლიკური პარტიის რიგებში დარჩენას და საკუთარ პოლიტიკურ ძალას ქმნის. ალბათ სწორედ ეს იყო ჩაშიფრული „რაიმე ფორმით“ დაბრუნების შესახებ მის მიერ გავრცელებულ იდუმალ განცხადებაში. თუმცა, არსებობს იმის საკმაოდ დიდი ალბათობაც, რომ ტრამპი საერთოდ გაქრება პოლიტიკური სცენიდან და ეს საუბარი ახალი პოლიტიკური პარტიების, მედია იმპერიებისა და საპრეზიდენტო კამპანიების შესახებ ნელ-ნელა მიილევა. ან იქნებ სულაც გამოჩნდეს სენატში ის 17 რესპუბლიკელი, რომელიც 50 დემოკრატს შეუერთდება და 8 თებერვალს ტრამპს სამუდამოდ აუკრძალავს საჯარო თანამდებობის დაკავებას?
გარდა ამისა, იმპიჩმენტს რომც გადაურჩეს, დონალდ ტრამპს კანონთანაც რამდენიმე პრობლემა აქვს და შესაძლოა მისი საქმე სასამართლოში იქნას განხილული. ნიუ იორკელი პროკურორები, მაგალითად, იძიებენ მის ფინანსურ კავშირებს პორნოგრაფიული კინოს ვარსკვლავ სტორმი დენიელსთან, ჯორჯიაში მას ბრალად ედება, რომ შტატის ხელმძღვანელ ბრედ რაფენშპერეგერზე ახდენდა ზეწოლას, რათა ამ უკანასკნელს ნოემბრის არჩევნებში „ხმები მოეძებნა“, ფედერალური პროკურორები კი კაპიტოლიუმის შტურმამდე მის სიტყვებსა და მოწოდებებს აანალიზებენ. შესაბამისად, პოლიტიკური აღორძინება ტრამპისთვის უახლოეს მომავალში პრიორიტეტი ნამდვილად ვერ იქნება.
რაც შეეხება რესპუბლიკურ პარტიას, მისი ელექტორატი ახლა ორად არის გახლეჩილი და გაერთიანება დილემის წინაშე დგას - იპოვოს ტრამპის მსგავსი ლიდერი თუ ისევ ძველ რესპუბლიკურ ფასეულობებს დაუბრუნდეს და ფსონი მიტ რომნის ან ჯონ მაკკეინის სტილის პოლიტიკოსზე დადოს.
რესპუბლიკური პარტიის ლობისტი ლიემ დონოვანი მიიჩნევს, რომ მეორე არჩევანი ნაკლებად მომგებიანი იქნება, რადგან ტრამპმა ერთი მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცა: სულაც არ არის სავალდებულო ან აუცილებლად მომგებიანი, რომ რესპუბლიკური პარტია კონსერვატიული ფასეულობების ბრმა მონად დარჩეს. და მართლაც, დონალდ ტრამპმა გაილაშქრა თავისუფალი ვაჭრობის, ღია იმიგრაციისა და აგრესიული საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ და ბევრი მისი თანაპარტიელი შეიძლება დღეს დარწმუნებულიც იყოს, რომ მსგავსი მიდგომა სარისკო სულაც არ არის.
ასეა თუ ისე, დონალდ ტრამპის ეპოქა შეერთებულ შტატებში დასრულდა. დროებით თუ სამუდამოდ, ეს დიდწილად ახალ ადმინისტრაციაზეც იქნება დამოკიდებული, რომელიც მოვალეობების შესრულებას 20 იანვრიდან შეუდგა.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი