"რას ვიყოფთ, საერთოდ ვერ გავიგე" - ინტერვიუ თინა ბურჯალიანთან სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

"დიდ შეურაცხყოფას აყენებენ იმ საჯარო მოხელეებს, ვინც ამ საქმეზე იმუშავა, მათ შორის „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში. რას ვიყოფთ, საერთოდ ვერ გავიგე, წარმოუდგენელია“ - ასე გამოეხმაურა იუსიტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე თინა ბურჯალიანი გია ვოლსკის ფეისბუქ პოსტს, სადაც  „ოცნების“ დეპუტატი წერს, რომ არასრული იყო "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების დროს შეტანილი სარჩელი სტრასბურგის სასამრთლოში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ. 

„ჩვენ რომ რაიმე 2012 წლამდე არასწორად გვქონოდა გაკეთებული, რაიმე, საერთოდ, უმცირესი შეცდომაც რომ ყოფილიყო დაშვებული, საერთოდ ვერ მივაღწევდით 2016 წლამდე და 2018 წლის პროცედურებამდე“ - ამბობს თინა ბურჯალიანი "მთავართან" საუბარში. 

იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე ასევე განმარტავს, რომ გადაწყევტილებაში არაფერია ნათქვამი, რომ რომელიმე ეტაპზე მხარემ, ვერ ან არ წარადგინა მტკიცებულებები. 

"გადაწყევტილებაში არც ერთი წინადადება არ არის ნათქვამი, რომელიც რაიმენაირად მიუთითებს, რომ ვინმემ საქართველოს მხრიდან, რომელიმე წარმომადგენელმა, ვინც იმუშავა ამ საქმეზე 12 წლის განმავლობაში, არ წარადგინა ან ვერ წარადგინა რაიმე მტკიცებულება. პირიქით, სასამართლო ლაპარაკობს იმაზე, რომ მის წინაშე წარდგენილი იყო მტკიცებულებები ზღვა  და მსჯელობს იმაზე, თუ რამდენად რთული იყო ამ მტკიცებულებების განხილვა მისთვის, იმიტომ რომ დიდი მოცულობის იყო. არც ერთ წარმომადგენელს საქართველოსას, რომელი ხელისუფლებისაც არ უნდა ყოფილიყო, არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომელიც მიუთითებდა, რომ მტკიცებულებები არ იყო წარდგენილი. ყველამ გააკეთა თავისი ნაწილი. და ახლა ეს მტკიცება, რომ მტკიცებულებები არ წარვადგინეთ ჩვენ - ჩვენ რომ რაიმე არ წარგვედგინა, უბრალოდ ვერაფრის წარდგენას ვერ შეძლებდნენ 2016-ში ან 18-ში ხელისუფლებაში მყოფი პირები. უბრალოდ პროცედურები იქნებოდა დახურული. გადაწყევტილება დასაშვებობის თაობაზე 2011 წელს, სასარგებლო გადაწყვეტილება იყო და ძალიან დიდი გარდატეხა მოხდა მაგ გადაწყევტილებით, რომ მან თქვა, რომ რუსეთს ეფექტური კონტროლი ჰქონდა საქართველოს ტერიტორიებზე და ზუსტად ამიტომ განიხილა საქმე არსებითად.“

თინა ბურჯალიანს კიდევ ერთხელ ვთხოვეთ, ეტპაბროვიდა გაეხსენებინა სარჩელის შეტანის ის პროცედურები, რომელმაც საქართველოს საბოლოო გამარჯვება მოუტანა ევროსასამართლოში: 

„2008 წლის 11 აგვისტოს რამდენიმე გვერდიანი მოთხოვნა შევიდა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ, ამის შესაძლებლობას კი კონვენცია იძლევა, იმიტომ რომ დროებითი ღონისძიების გამოყენება ხდება მაშინ, როდესაც აუცილებლობის მდგომარეობაში ვართ და დრო არ არსებობს იმისთვის, რომ მომზადდეს სრულფასოვანი სარჩელი; ამიტომ, ევროსასამართლოს პრაქტიკა და კონვენცია იძლევა ამის შესაძლებლობას, შეიტანო პირველადი მოთხოვნა, რომ დადგენილ ვადაში წარმოადგენ სარჩელს; სარჩელში მოთხოვნილი საკითხების გადაწყვეტა დაკარგავს აზრს, თუ კი ამ წამს სასამართლომ არ იმსჯელა კონკრეტულ თემაზე. ასე მოხდა, 12 აგვისტოს, სასამრთლომ 39-ე მუხლი გამოიყენა და ბრძანება გასცა დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ.“

თინა ბურჯალიანი აქვე განმარტავს სასამართლოში,  შემდგომ, 2009 წლის 6 თებერვალს შესულ სრულყოფილ სარჩელს, რის შემდეგაც, ანუ ზეპირი განხილვის შემდგომ, 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ მიიღო პირველი გადაწყვეტილება ამ საქმეზე, სადაც ითქვა, რომ საქართველოს აქვს დასაბუთებული პრეტენზიები და საკმარისი მტკიცებულებები.  

„სარჩელი შევიდა სრული დანართებით, სრულყოფილი, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო ითხოვდა, სასასამართლოს განეხილა საქმე არსებითად და ამავდროულად მსჯელობდა კონკრეტულ დარღვევებზე, სადაც უნდა წარგვედგინა კონკრეტული დარღვევების შესახებ დანართები. ამის შემდგომ კი, რამდენჯერმე წერილობით მოხდა ინფორმაციის გაცვლა, იმიტომ რომ წესების თანახად ეს მასალა გაეგზავნა რუსეთს, მათ გაგვცეს პასუხი, შემდგომ ჩვენ მოვამზადეთ პასუხი და ა.შ.
ზეპირი განხილვა კი გაიმართა 2011 წლის 22 სექტემბერს, სადაც ერთადერთი საკითხი განიხილებოდა - საქმის დასაშვებობა... რუსეთი კი ამბობდა, რომ ჩვენ არ ამოგვიწურავს შიდა სამართლებრივი დავები და საერთოდ, ამბობდნენ რომ ჩვენ მიერ წამოყენებული პრეტენზიები არ ჯდებოდა კონვენციის ფარგლებში. ეს ზეპირი განხილვა გაიმართა 2011 წლის სექტემბერში."

2011 წლის შემდგომი ძირითადი ეტაპი კი 2013 წელს იყო, როდესაც სასამართლომ თქვა, რომ რუსეთს ეფექტური კონტროლი საქართველოს დე-იურე ტერიტორიის ნაწილზე; 

„2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ მიიღო პირველი გადაწყევტილება ამ საქმეზე და დასაშვებად მიიჩნია - პირდაპირ თქვა, რომ დიახ, რომ რუსეთს აქვს ეფექტური კონტროლი საქართველოს დე-იურე ტერიტორიის ნაწილზე, ხოლო საქართველოს აქვს დასაბუთებული პრეტენზიები, რომლებიც რა თქმა უნდა, შემდგომში დამატებით უნდა იქნეს განხილული, მაგრამ დასაბუთეული პრეტენზიები რუსეთის მიერ  კონვენციის დარღვევის თაობაზე, რომ ამ შემთხვევაში არ გამოიყენებოდა შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვის ვალდებულება, რომ საქართველომ სარჩელი შეიტანა დადგენილ 6 თვიან ვადაში, რომ ყველა პროცედურული სტანდარტით დაცულია, კონვენციის გამოყენება ამ შემთხვევაში დასაშვებია და ეს საქმე უნდა განიხილოს სასამართლომ არსებითად.“

ამის შემდგომ 2012 წელს ევროსასამართლომ, მიიღო გადაწყევტილება, რომლითაც საქმე არსებით განსახილველად გადაეცა დიდ პალატას. 

„ეს მოხდა 2012 წლის ოქტომბერში, ხელისუფლებაის ცვლამდე. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ცვლილების შემდგომ, საქმე გასაგრძელებელი იყო - არსებითი განხილვა იყო ჩასატარებელი. ამაში იგულისხმებოდა ისიც, რომ სასამართლომ დამატებითი კითხვები დააბრუნა, და ვიცნ არ უნდა ყოფილიყო, ის მიიღებდა ამ კითხვებს და მოუწევდა პასუხების გაცემაც, რაზეც რუსეთს ექნებოდა დამატებითი კითხვები რასაც თავის მხრივ კიდევ დაჭირდებოდა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება, მასალების წარდგენა, გამოძიება და ა.შ. დიახ 2015-16 წელს მოხდა დამატებითი მასალების წარდგენა, იმიტომ რომ დამატებითი კითხვები წარმოიშვა განხილვისას, 2018 წელს იყო არსებითი განხილვა ევროსასამართლოს დიდ პალატაში და ჩვეულებრივი ამბავია, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ამ ეტაპების გავლა მას მოუწევდა“.

შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 21 იანვარს, სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეტანილი სარჩელის განხილვისას, საქართველოს მოთხოვნა დააკმაყოფილა და სამართლებრივ დავაში გამარჯვებულად გამოაცხადა. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი