"ქართველი ხალხი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ" - საკონსტიტუციო სარჩელით მოქალაქეთა ჯგუფი იმ კოვიდრეგულაციებს გააპროტესტებს, რომლებიც უსამართლოდ მიაჩნია. სარჩელის ინიციატორი ის მოქალაქეები არიან, ვინც კოვიდრეგულაციებსა და ფაქტობრივ ლოქდაუნს კანცელარიასთან აპროტესტებდნენ. სარჩელზე "თავისუფლების ინსტიტუტი" მუშაობს.
სარჩელი ასქვს შეტანილი ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელმაც ჯერ კიდევ მაისში გააპროტესტა მთავრობასთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ თავისთვის დაკანონებული უფლება, პარლამენტის თანხმობის გვერდის ავლით, ნებისმიერ დროს გაახანგრძლივოს საგანგებო მდგომარეობა და დააწესოს ახალი რეგულაციეები. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში უკანონო გახდება არამარტო რეგულაციები, არამედ ის ჯარიმებიც, რომლებიც გამოწერილია კომენდანტის საათის დარღვევის გამო.
"ამ კანონის ამოქმედებამ გვაჩვენა, რომ ის, მნიშვნელოვანწილად, წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ფაქტობრივად, საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობის გარეშე, გაუმჭვირვალედ, მთავრობა და მასთან არსებული საკოორდინაციო საბჭო ადგენს ასეთი ტიპის აკრძალვებსა და რეგულაციებს" ,-ამბობს გიორგი გოცირიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი.
შეგახსენებთ, გუშინ, 26 იანვარს, მოქალაქეებმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა კანცელარიასთან გააპროტესტეს რეგულაციები, ხოლო სარესტორნო ბიზნესისა და ზამთრის კურორტების ბიზნესის წარმომადგენლებმა 1 თებერვლიდან კურორტების გახსნა მოითხოვეს, რაზეც უარი მიიღეს.