ბაიდენ-პუტინის სატელეფონო საუბარში განსახილველ საკითხთა შორის რომ საქართველო არ იყო ნახსენები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები დღევანდელი ხელისუფლების "დამსახურებად" მიიჩნევენ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" პირობებში საქართველო ნელ-ნელა ჩამოშორდა საერთაშორისო დღის წერიგს.
"ქართული ოცნების" პირობებში საქართველო ნელ-ნელა ტოვებდა საერთაშორისო დღის წესრიგს და ბოლო პერიოდში უკვე საერთოდ აღარ ფიგურირებს ამ დღის წესრიგში, ეს ერთი და მეორეც, როგორც ჩანს, გეოპოლიტიკური ხედვის ცვლილებაც ოცნების სტრატეგიის ნაწილია, რადგან ბოლო დროს უფრო მეტად ვხედავთ მათ სიმპათიებს რაღაც კავკასიური სტაბილურობის პაქტის მიმართ და რეგიონალური მოწყობის მიმართ სამხრეთ კავკასიაში, რაც უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომაა, რადგან ჩვენი გეოპოლიტიკური იდენტობა არის შავი ზღვა და ევროპის მიმართულება, აქედან გამომდინარე, უკრაინასთან ერთად ჩვენი საკითხის განხილვა არის მნიშვნელოვანი, - ამბობს ბათუ ქუთელია, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
შეგახსენებთ, ვაშინგტონმა და მოსკოვმა ბაიდენ-პუტინის საუბრის სხვადასხვა ვერსია გამოაქვეყნეს.
ვაშინგტონის ცნობით, ბაიდენმა პუტინს შეახსენა ჰაკერული შეტევები, რომლითაც რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია, ასევე, ნავალნის მოწამლვასთან დაკავშირებული საკითხები და უკრაინის სუვერენიტეტის თემა.
კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნავალნის გვარი და სხვა მწვავე საკითხი საერთოდ არაა ნახსენები, თუმცა ხაზგასმულია, რომ "საუბარი მიმდინარეობდა საქმიან და გულახდილ ატმოსფეროში".