კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და ქართული ტელემაუწყებლობის 65 წლიანი არსებობის ისტორიაში, პირველად ცენზურა დააკანონა. კახა ბაქაურის უწყებამ 1 კვირიანი მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მთავარი არხის ეთერში გასული კადრი, სადაც ფინანსთა მინისტრი საკუთარ გენიტალიებს ეხება მაყურებლის შეურაცხყოფა იყო. დააზუსტეს, რომ ხალხის უფლებები ჟურნალისტმა დაარღვია და არა მინისტრმა, რომელსაც საერთოდ არ ეუხერხულა პარლამენტში, საჯარო სხდომაზე ამ მოძრაობის გაკეთება.
ბექაურმა 10 წუთიანი განმარტების დროს რამდენჯერმე თქვა, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც უხამსობის ეთერში გაშვებას კრძალავს, მაგრამ კომისიამ მისი მეთაურობით, მაინც გადაწყვიტა,რომ მთავარი არხი სამართალდამრღვევია.
ბექაურის უწყების ეს გადაწყვეტილება პირველია, როდესაც კომისიის წევრებმა კონკრეტული სიუჟეტის შინაარსობრივ ნაწილზე იმსჯელეს. მედიის წარმომადგენლების თქმით, კომისიამ გადააჭარბა საკუთარ უფლებამოსილებას და გასცდა მანდატს, რომელიც მას კანონით აქვს მინიჭებული. ეს არის ღია მესიჯი ხელისუფლების დავალებების შემსრულებელი ორგანოსგან,რომ ცენზურა დაწესებულია.
პრეცედენტი უკვე არსებობს. გამოდის, რომ დღეის შემდეგ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას როცა მოუნდება და რაზეც მოუნდება , დაიწყებს მსჯელობას და კრიტიკულ ტელევიზიებს დაუწესებს ჯარიმებს.
კოალიციაში მედია ადვოკატირებისთვის შემავალი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ბექაურის უწყების გადაწყვეტილებები პოლიტიკური დავალებების ნაწილია.