"მოქალაქეების"ლიდერი ალეკო ელისაშვილი და მისივე თანაპარტიელი ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან - ამის შესახებ თავად ალეკო ელისაშვილმა, მამუკა მდინარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. შეხვედრა ორ საათზე მეტხანს გრძელდებოდა.
"შეთანხმების გაფორმების შემდეგ ჩვენ საპარლამენტო საქმიანობაში ჩავერთვებით. ეს შეთანხმება გულისხმობს, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება, რომ კარუსელის პრევენციისთვის, იქნება ხმის მიცემა თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, 3.800-ვე უბანზე იდგება ელექტრონული ხმის მთვლელი, სამი ათას რვაასივე უბანზე იქნება სამი კამერით ლაივ-სტრიმი, უბანზე პერიმეტრი 25 მეტრის შემდეგ უკვე 100 მეტრი ხდება, ცესკოს თავმჯდომარე აირჩევა სხვანაირად და ბევრი შეკითხვა არსებობს, რას იზამთ, თუ გადაგაგდეს და ა.შ. და ამის პასუხი არის ის, რომ ამ შეთანხმების საკანონმდებლო ინიცირება უნდა მოხდეს 1 მარტამდე, თუ არ მოხდება, ისევე გავალთ პარლამენტიდან, როგორც შევალთ", - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი საკითხია, რომლის კანონმდებლობაში ასახვასაც საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდება.
"ერთ რამეს ვიტყვი გულწრფელად, სამი საკითხი და საარჩევნო საკითხები თითქმის ბოლომდე წამოვიღეთ, ამაზე ვმუშაობთ უკვე რამდენი ხანია. ორმა კაცმა რაც შევძელით მაქსიმუმი გამოვგლიჯეთ „ქართულ ოცნებას“. დანარჩენი ოპოზიცია არის 54 დეპუტატით გარეთ დარჩენილი, ისინიც შემოვიდნენ, ისინიც დაელაპარაკონ", - თქვა ალეკო ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, ალეკო ელისაშვილმა შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ "თუ შევთანხმდით შევალთ, ჩვენსა და "ოცნებას" შორის ნდობა გაღრმავდა", ხოლო გუშინ კარტოგრაფების გათავისუფლებას მან "მოლაპარაკების შედეგი" უწოდა.
რა წერია მემორანდუმში რომელიც "ოცნებამ" და "მოქალაქეებმა" გააფორმეს - სრულად