ივერი მელაშვილის მადლობის ადრესატი საზოგადოების ის დიდი ნაწილი აღმოჩნდა, ვინც ორივე მეცნიერს გირაოს თანხა შეუგროვა და ამით მხოლოდ ერთი რამ თქვა - პროკურატურამ და ხელისუფლებამ ვერ შეძლო მცდელობის მიუხედავად მათთვის მოღალატის იარლიყის მიწებება.
მეცნიერები სრულ გამართლებამდე ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ და ამბობენ, რომ თუ ვინმე ახლა პატრიოტიზმის სახელით ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ჩადის, ისევ ხელისუფლება და ზოგიერთი სასულიერო პირია, რადგან ის 200 ათასიან მასშტაბიანი რუკა მხოლოდ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოა.
ბრალდებული მეცნიერი მოუწოდებს პოლიტიკოსებს მისი საქმე პოლიტიკური სპეკულირებისთვის არ გამოიყენონ. პოლიტიკური კრიზისის და ხელისუფლების ქმედებების ფონზე კი ივერი მელაშვილიცა და მისი მეუღლეც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება პოლიტიკურ მძევლებს ახლა საკუთარი მიზნებისთვის იყენებს.
ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ მელაშვილისა და ილიჩოვას გათავისუფლება კიდევ ერთი დასტური აღმოჩნდა, რომ მმართველ გუნდს საქმეზე გამოძიების დაწყებისას არაერთი მიზანი ჰქონდა - ამ საქმით წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დისკრედიტაციას ახდენენ, მეორეს მხრივ კი პოლიტიკური მანიპულაციების პროცესში საკუთარ მძევლებს იყენებს.
ასეთივე მძევალია გიორგი რურუა, რომელის საპატიმროში ყოფნაც არაკონსტიტუციური ქმედებაა.
ოპოზიცია მმართველ გუნდს ურჩევს, გააცნობიერონ, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრებისა და გირაოთი გათავისუფლებული მძევლების არსებობა დემოკრატიულ პროცესს აზიანებს, მით უმეტეს მაშინ, როცა თავად გათავისუფლებული პირები ითხოვენ, რომ მათ საქმეს პოლიტიკური ვაჭრობის საგნად ნუ აქცევენ.
ხელისუფლება ამტკიცებს, რომ კარტოგრაფების საქმესთან პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს და ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო და საგამოძიებო უწყებები არსებობს.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად მიჩნევას ითხოვენ და სარჩელს ამზადებენ.
ამასთანავე, ომბუდსმენის აპარატი იუსტიციის სამინისტროს მიმართავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაკავებული მეცნიერების ადვოკატთან კომუნიკაციის კონფიდენციალობის დარღვევის გამო ციხის თანამშრომლებს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს.