სამთავრობო გეგმა, რომელის სისრულეში მოყვანასაც ივანიშვილის ხელისუფლება ჯერ კიდევ 2014 წლიდან ცდილობს, მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციას არ ემსახურება. ღარიბაშვილის თავდაცვის სამინისტროში დაბრუნების შემდეგ და არჩევნების წინ, რუსული სცენარი კიდევ ერთხელ ამოქმედდა და ამას უკვე ივანიშვილი თავად ხელმძღვანელობდა.
მეცნიერი ამბობს, რომ კრემლის არქივიდან ოლიგარქის დაკვეთით ჩამოტანილი რუკები საქართველოს საბჭოთა წარსულში აბრუნებს.
რადგან თუ აზერბაიჯანთან სახელმწიფო საზღვარი ამ რუკებით გაავლეს, საქართველო ამ დრომდე ჯერ კიდევ სადავო ტერიტორიას - ჩიჩხიტურის ქედს, კოშკს, ბერთუბანსა და ქედს მიღმა კელიებს საბოლოოდ , უკვე ოფიციალურად დაკარგავს.
რა წერია 1929 წლის დადგენილებაში, რომელსაც პროკურატურის მთავარი მტკიცებულება 200 ათას მასშტაბიანი რუკა სრულად იმეორებს - ამ დადგენილებამდე ხუთი წლით ადრე, საბჭოთა კავშირმა გარეჯის მიმდებარე ტერიტორია აზერბაიჯანელ მომთაბარე მწყმსებს საძოვრებად გადასცა.
გარეჯი კონფლიქტის კერა გახდა. ქართულმა მხარემ მცველები ჩააყენა, რადგან მწყემსები კელიებში იზამთრებდნენ და აზიანებდნენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. 1926 წელს ეს კონფლიქტი განიხილეს ზაკ კრაიკომისა სხდომაზე, რომელსაც ფილიპე მახარაძე ხელმძღვანელობდა და საბოლოოდ ძალაში დარჩა ტერიტორიის საძოვრებად გამოყენების შესახებ დადებული ძველი ხელშეკრულება.
უკვე 1929 წელს ამერიკავკასიის ფედერაციის ცენტრალურმა კომიტეტმა მიიღო ახალი დადგენილება, რომლის მიხედვითაც საზღვარი გაივლო ჩიჩხიტურის სერზე, რაც ამ მოცემულობაში საქართველოს ინტერესებს სრულად ეწინააღმდეგება და ივერი მელაშვილის თქმით, სრულად ემთხვევა 200 ათასიანი მასშტაბის რუკაზე დადგენილ საზღვარს.
ისტორიკოსი ბონდო კუპატაძე, რომელიც აზერბაიჯანსა და საქართველოს საზღვრის დადგენის 25 წლიან დავას კარგად იცნობს ამბობს, რომ გამოძიება ტყუის, როცა ამტკიცებს, რომ მეცნიერებმა ხელი ტერიტორიების გასხვისების შესახებ რაიმე დოკუმენტს მოაწერეს, რადგან ამ დრომდე არაფერი შეთანხმებულა. ბერთუბანი კი, რომელიც ყველანაირი კარტოგრაფიული საფუძვლით აზრბაიჯანის ტერიტორიაზე იყო 2005-2006 წლებშიც კი არ ყოფილა საქართველოსთვის ჩაკეტილი.
გარეჯის ისტორიული ძეგლების სანაცვლოდ სხვა ტერიტორიების გადაცემას საბჭოთა საქართველოს ხელისუფლება დიდი ხნის განმავლობაში განიხილავდა. სწორედ ამის დასტურია ცოტა ხნის წინ არქივში ხელოვნებათმცოდნე ოთარ ფირალიშვილის 1976 წლის მიმართვა. მეცნიერი კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელ პირებს სთხოვს, ბერთუბანი აზერბაიჯანს სხვა ადგილზე, თუნდაც უფრო დიდ ტერიტორიაზე გაუცვალოს.
კუპატაძეც დარწმუნებულია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ახლა რუსეთი ურთიერთობას მიზანმიმართულად ძაბავს, რადგან ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ რუსეთი ამიერკავკასიაში პოზიციების გამყარებას ამგვარად ცდილობს.
მტკიცებულებების არ არსებობის გამო, ახლა პროკურატურა და ხელისუფლება მეცნიერების დისკრედიტაციას ცდილობს. საქმეში საპატრიარქოც ჩართო, თუმცა, მეცნიერების სახელის შელახვის პარალელურად, სასულიერო პირები ხელისუფლებას ემუქრებიან, რომ არ დაუშვან რელიგიური ძეგლების დაკარგვა.
სასულიერო პირის ნათქვამი ფრაზა, რომ წლების წინ ამ ტერიტორიაზე გადაადგილება შეეძლოთ 2018 წლამდე დროს გულისხმობს. ჩიჩხიტურისა და უდაბნოს მონასტერი აზერბაჯანულმა მხარემ 2019 წელს ჩაკეტა. საბოლოოდ კი ამ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების, ტურისტებისა და მომლოცველების გადაადგილება მას შემდეგ აიკრძალა, რაც გარეჯში სალომე ზურაბიშვილი ჩავიდა და განაცხადა, რომ ქვეყანას უნდა ჰქონდეს მისი „სამუდამოდ დაწესებული საზღვრები“. მეცნიერები კი, ამ მოცემულობაში მხოლოდ ერთს ირწმუნებიან, მორიგ სადელიმიტიაციო კომისიის სხდომაზე თუ საქართველო ამ რუკებით წარდგება ქვეყანა მოლაპარაკებას უკან დახეულის პოზიციიდან შეუდგება, რაც მხოლოდ პუტინის რუსეთის გეგმაა.