მკაცრი შეზღუდვები ნაწილობრივ მოიხსნა და უახლოეს მომავალში გაირკვევა რამდენად გონივრულად გამოიყენა ხელისუფლებამ ლოქდაუნის პერიოდი.
რეკომენდაციის მიხედვით სავაჭრო ობიექტების თანამშრომელთა ნაწილი უკვე გატესტილია, თუმცა სწორედ ტესტების სანდოობაა ახლა მთავარი პრობლემა რაზეც სპეციალისტები ამახვილებენ ყურადღება.
ცნობილია მხოლოდ ის რომ მთავრობამ კორეული წარმოების ანტიგენზე დაფუძნებული ტესტები შეისყიდა, თუმცა კონტრაქტის სხვა დეტალები გასაიდუმლოებულია.
სწრაფი თუ პსრ ტესტები არ არის ერთადერთი საკითხი, სადაც პრობლემებს ხედავენ სპეციალისტები. "ევროპული საქართველოს" წევრი, სამედიცინო ხელთათმანების ტენდერის ხარვეზებსა და კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს.
მისი აზრით, ტენდერი სპეციალურად მოარგეს კომპანია "გეფას", რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შვილია. ბესიკ დონაძის თქმით, ამ ტენდერის პირობებით, სხვა კომპანიებს მასში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ.