"ქართულმა ოცნებამ" დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ელისაშვილი ოპოზიციის მანდატებზე

გამოქვეყნდა:

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიესალმება "ქართული ოცნების" დღევანდელ, 2 თებერვლის გადაწყვეტილებას, რომ კენჭისყრაზე ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის საკითხს მარი არ დაუჭირონ. მისი განცხადებით, ახლა ოპოზიციამ უნდა მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და ამპარტავნულ პოზაში არ იდგნენ.

"შანტაში, რასაც ეწეოდა აქამდე ქართული ოცნება, რომ შეგიწყვეტ, ასე ვიზამ, ისე ვიზამ, ეს რომ დაასრულეს კარგია, ახლა მთავარია კენჭისყრაზეც იგივე მოხდეს, მანდატები არ შეწყდეს, იმიტომ, რომ შეთანხმება არის გასაფორმებელი. შეთანხმების გაფორმების შემდეგ შემოვიდეს ოპოზიცია", - თქვა ელეკო ელისაშვილმა. 

მისი თქმით, ორმა კაცმა რამდენსაც შეძლეს, იმდენს მიაღწიეს და თუ ოპოზიციას მათი მემორანდუმი არ მოსწონს თავად იმუშაონ უკეთესობისკენ შესაცვლელად. ელისაშვილის განცხადებით, ვადა პირველ მარტამდე აქვთ, რომ შემდეგ მემორანდუმი კანონად აქციონ.

"ქართულმა ოცნებამ დღეს სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ახლა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ოპოზიციამ, ამპარტავნულ პოზაში ნუ დგანან და ნუ არიან თავისი სიტყვების და ლოზუნგების ტყვეობაში, ამას უნდა გადააბიჯონ", - თქვა მან. 

შეგახსენებთ, რომ "ქართულმა ოცნებამ" ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე თავს იკავებენ ოპოზიციის 51 დეპუტატს მანდატები შეუჩერონ. პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერს სურს პარლამენტში შესვლა. კობახიძეს მათი ვინაობა არ დაუკონკრეტებია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი