სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ამ ეტაპზე ინტენსიური ტესტირების პირველი ეტაპი დასრულებულია. მათივე ინფორმაციით, ჯამში ჩატარდა 11 944 ტესტი, საიდანაც დადებითი 194 აღმოჩნდა, ინფიცირებულთაგან 26 უკვე გამოჯანმრთელებულია.
"ტესტირება ჩაუტარდა N17 პენიტენციური დაწესებულების 1 499 მსჯავრდებულს, რომელთაგან 81-ს covid-19 დაუდასტურდა. მოცემული პირების მდგომარეობა სტაბილურია, მათი უმეტესობა ე.წ. უსიმპტომო პაციენტები არიან, ხოლო ნაწილს სუსტად გამოვლენილი სიმპტომები აქვს. ისინი დაწესებულების მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და იზოლირებულები არიან დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან. თუ დადგა მსჯავრდებულის/მსჯავრდებულების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, პენიტენციური სამსახური მათ ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს", - წერია უწყების განცხადებაში.
პენიტენციურის განცხადებით, ტესტირება ჩაუტარდა N18 (სამკურნალო) დაწესებულებაში მყოფ 103 პატიმარს და ყველა ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.
მათივე ინფორმაციით, განმეორებითი PCR ტესტირება ორი კვირის შუალედით უკვე ჩატარდა ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო N5 (ქალთა) დაწესებულებაში ტესტირება უკვე მესამედ ჩატარდა, ჯამში 2988 - ტესტი.
"აქედან დადებითია მხოლოდ 5 შემთხვევა. კერძოდ, 3 შემთხვევა N5 (ქალთა) დაწესებულებაში, სადაც იყო 26 დადასტურებული და შესაბამისად, 23 გამოჯანმრთელდა. ასევე 2 დადასტურებული შემთხვევაა N2 (ქუთაისის) დაწესებულებაში, სადაც იყო 5 დადასტურებული, შესაბამისად, 3 გამოჯანმრთელდა", - წერია უწყების განცხადებაში.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 858 ახალი შემთხვევა დადასტურდა, დამატებით 580 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 14 პაციენტი გარდაიცვალა.