"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ გაშიფრული კიდევ ერთი სავარაუდო კორუფციული სქემა, რომელიც ქობულეთის მერიის არქიტექტურის სამსახურის ყოფილ უფროსთან მიდის. ბადრი რომანაძის კომპანია - "ჯორჯიან სტოუნმა" მხოლოდ 2020 წელს და მხოლოდ ქობულეთის მერიის 2 მსხვილი შესყიდვიდან 6 მილიონ ნახევარ ლარზე მეტი მიიღო.
"ქობულეთის მერიამ ჯორჯიან სტოუნთან საქმიანი ურთიერთობა სწორედ რომანაძის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ დაიწყო: 2015-2020 წლებში ადგილობრივი თვითმმართველობის შესყიდვებიდან კომპანიამ 24,647,168 ლარი (ტენდერებიდან მიღებული სრული შემოსავლის 65%) მიიღო, აქედან 6 მილიონ ლარზე მეტი - უკონკურენტო პირობებში", - წერს ორგანიზაცია.
საეჭვო ტენდენცია ფოთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების შესყიდვებშიც გამოიკვეთა, სადაც კომპანიამ ყველაზე დაბალი ფასის გამო გაიმარჯვა, თუმცა ხელშეკრულებები მოგვიანებით გაცილებით დიდ თანხაზე გაფორმდა.
"კითხვის ნიშანს აჩენს სწორედ ის გარემოება, რომ ყოფილი თანამდებობის პირის კომპანია ამავე მუნიციპალიტეტთან ასეთ ფავორიტულ მდგომარეობაშია, ამიტომ ჩვენ მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს, რომ დაიწყონ ამ საკითხის მოკვლევა. გამოიკვეთა საინტერესო ტენდენცია ფოთთან დაკავშირებითად", - ამბობს, მალხაზ ჭკადუა "საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს" რეგიონალური კოორდინატორი.
"გამჭვირვალობა" სავარაუდო კორუფციული ფაქტის შესწავლას ახლა სუსის ანტიკორუფციული დეპარტამენტისგან ითხოვს.