"ქართული ოცნების" წევრი, პარლამენტის ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას პროკურატურაში დაბარებას ეხმაურება.
"განცხადებებს პოლიტიკურ დევნასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ ესეც სრულიად მოკლებულია საფუძველს, ვინაიდან, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ ის, რაც მოხდა და რაზედაცაა ამ წუთას სამართლებრივი რეაგირება. მე არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკოსს ჰქონდეს იმის უფლება, რაზედაც გვაქვს საუბარი, როდესაც ის დემონსტრაციულად არაფრად აგდებს მოქმედ სამართალს და მოქმედ სამართლებრივ წესრიგს", - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" პოლიტიკოსების პარლამენტში შესვლაზე დასათანხმებლად მხოლოდ დარწმუნების მეთოდს იყენებს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 5 თებერვალს თქვა, რომ ნიკა მელიას უწყებაში იბარებენ, რისი მიზეზიც, გირაოს გადაუხდელობაა. პროკურატურაში ამბობენ, რომ მას დამატებით 1 კვირის ვადა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლას მოითხოვენ.