ზაზა გახელაძის განაჩენის გამო, საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

გამოქვეყნდა:

2020 წლის ივლისში, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაჭრილი და ცხინვალში რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული ზაზა გახელაძისთვის ცხინვალის ე.წ. სასამართლოს განაჩენს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება და რუსეთს, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. 

„განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ზაზა გახელაძის უკანონო დაკავებაში დატოვება ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 21 იანვრის გადაწყვეტილების ფონზე, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ რუსეთის ფედერაცია ახორციელებს საქართველოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციას და სწორედ რუსეთს, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, დააკისრა პასუხისმგებლობა ადგილზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევების გამო.

მსგავსი უკანონო ქმედებები, რუსეთის ფედერაციის მიერ ანექსიის კუთხით გააქტიურებული ნაბიჯების ფონზე, კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე შექმნილ ისედაც რთულ ვითარებას უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ქმნის სიტუაციის ესკალაციის საფრთხეს და გამიზნულად უშლის ხელს სამშვიდობო მოლაპარაკებებში გაწეულ ძალისხმევას კონფლიქტის დარეგულირების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევები, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან", - აღნიშნულია განცხადებაში. 

საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვის ნაწილში საგარეო საქმეთა სამინისტრო ითხოვს, "ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად". 

"მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მორიგ პროვოკაციას და ქმედითი ზომები მიიღონ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივ გასათავისუფლებლად. საქართველო აამოქმედებს მის ხელთ არსებული ყველა დიპლომატიურ და სამართლებრივი ბერკეტს და საკითხს უმაღლეს დონეზე დასვამს ყველა შესაბამის საერთაშორისო ფორმატში, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანების უკანონო გატაცებები და ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების უხეში შელახვის ფაქტები. ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზებას და ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა საქართველოს მოქალაქე დროულად და უვნებლად დაუბრუნდეს ოჯახს”, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ზაზა გახელაძეს ცხინვალის ე.წ.-მა სასამართლომ 12 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას ბრალად ედება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებზე თავდასხმა და მათთვის ცეცხლის გახსნა, ასევე, ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. 

ზაზა გახელაძისთვის პატიმრობის მისჯას გამოეხმაურა საქართველოს უსაფრთხოების სამსახური, ხოლო მოძრაობა "სირცხვილია" გახელაძის საქმის მიმართ უყურადღებობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი