ზაზა გახელაძეს, რომელიც ოკუპანტებმა გაიტაცეს და თვეები უკანონო პატიმრობაში ყავდათ 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
გახელაძის ოჯახი ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისთვის ემზადება. ზაზა გახელაძის გათავისუფლებას ითხოვს სოფელიც.
გახელაძეების ოჯახში დღეს სუს-ის წარმომადგენლები ჩავიდნენ და კიდევ ერთი დაპირება გასცეს - რომ უკანონოდ დაკავებული ოჯახს მალე დაუბრუნდება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ მიმდინარე აქციაზე კი სამოქალაქო აქტივისტები ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებდნენ.
ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ამერიკის საელჩო საქართველოში.
ზაზა გახელაძეს ოკუპანტები ე.წ საზღვრის კვეთას და სიცოცხლის ხელყოფას ედავებიან, თუმცა გახელაძე საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს და მოწმემ, რომელსაც ის დამიზნებით სროლაში უნდა დაედანაშაულებინა, ე.წ სასამართლოზე საპირისპირო თქვა.
2020 წლის 13 ივლისს, ზაზა გახელაძის დაკავებიდან 2 დღეში, სოზარ სუბარი და გიორგი ხოჯევანიშვილი გატაცებულის ოჯახში მივიდნენ და მის გათავისუფლებას დაპირდნენ. დღეს კი სუბარი ე.წ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მედიას დაემალა.
ავტორი: დეა მამისეიშვილი