"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისთვის, ნიკა მელიასთვის პროკურატურის მიერ მიცემული ვადა იწურება. ის არ აპირებს გირაო გადაიხადოს, მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო შესაძლოა დააპატიმრონ. "ქართული ოცნება" კი დღეს ამბობს, რომ მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე იმსჯელებენ.
მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ მელიამ კანონი ორჯერ დაარღვია.
"მიზანმიმართული პროვოკაციაა ქართული მართლმსაჯულების სისტემის წინააღმდეგ, თუ ნიკა მელია ამას არ გადაიხდის, კანონს მოუწევს იმოქმედოს ისე, როგორც ეს არის გაწერილი. შესაბამისად, ნიკა მელიას გადასაწყვეტია დააჭერინებს თავს კანონს, თუ არა. დღეს ნიკა მელიას არ იჭერს რომელიმე აღმასრულებელი ხელისუფალი", - ამბობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, ბექა დავითულიანი.
მისი განცხადებით, პოლიტიკური მოტივი რომ ყოფილიყო მელიას აქამდე დაიჭერდნენ და გაიმართება მსჯელობა, მოუხსნიან იმუნიტეტს თუ არა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ თუ ნიკა მელიას დააპატიმრებენ, ეს "ქართული ოცნებისთვის" განაჩენი იქნება, რადგან ისინი აქციებს დაიწყებენ.
"ნიკა მელია არის ახლადარჩეული თავმჯდომარე, პარტიის, რომელიც ყოველდღიურად იზრდება, ძლიერდება და დიდ პრობლემებს მოუტანს ქართულ ოცნებას, ეს არის ფაქტი, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიხილეთ მცდელობა დაშინების, რომელიც შეირჩა ძალიან ცუდ დროს და ძალიან ცუდი ფორმით, აქედან გამომდინარე, კიდევე ერთხელ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას რეალისტურად შეაფასონ არსებული მდგომარეობა და ცოტა მეტი იფიქრონ, სანამ რამეს იტყვიან ან გააკეთებენ", - თქვა ენმ-ს წევრმა ბაჩო დოლიძემ.
"ევროპულ საქართველოში" ამბობენ, რომ პროტესტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება თუ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრების რიცხვიც მოიმატებს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 5 თებერვალს თქვა, რომ ნიკა მელიას უწყებაში იბარებენ, რისი მიზეზიც, გირაოს გადაუხდელობაა. პროკურატურაში ამბობენ, რომ მას დამატებით 1 კვირის ვადა მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი აღკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლას მოითხოვენ.
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დაიჭერენ.
ავტორი: დეა მამისეიშვილი.