
ანტიოკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დამფუძნებელი და ლიდერი, დავით ქაცარავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს სიცრუეში ადანაშაულებს და სუს-ის ოფიციალურ მონაცემებსა და რეალურ სურათს შორის ცდომილებაზე საუბრობს.
საქმე ეხება სუს-ის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ "სახელმწიფოს მიერ უკანონო დაკავებების დამალვის შესახებ ნარატივი მცდარია".
სუს-ის ამ განცხადების პასუხად, ქაცარავა ბოლო ორი წლის სტატისტიკას იშველიებს და "მთავართან" ამბობს, რომ წლის განმავლობაში გატაცებათა შესახებ ინფორმაციას ხელისუფლება მალავს და წლის ბოლოს "საერთო სტატისტიკით შემოიფარგლება".
"2019 წელს 92 ადამიანი გაიტაცეს, აქედან აქტივისტებმა მხოლოდ 57 შემთხვევის თვალყურის მიდევნება და საზოგადოების ინფორმირება მოვახერხეთ, ხოლო 15 შემთხვევა საერთოდ არ გახმაურებულა. მსგავსი სიტუაცია იყო 2020 წელს, როდესაც წლის ბოლოს გავიგეთ, რომ სამაჩაბლოს რეგიონში 64 ადამიანი გაიტაცეს. სინამდვილეში, წლის განმავლობაში ინფორმაცია მხოლოდ 12-13 გატაცების შესახებ მოვიდა.
შესაბამისად, აშკარად ჩანს, რომ ხელისუფლება საზოგადოებას უმალავს სრულ ინფორმაციას და წლის ბოლოს, რაღაც საერთო სტატისტიკით შემოიფარგლება. მითუმეტეს, არც ადგილებია მითითებული და არც გატაცების პერიოდი. შესაბამისად, სუს-ის წუხილი უსაფუძვლოა. ვფიქრობ, ხელისუფლებას მეტი გამჭვირვალობა მართებს და საზოგადოებას გაცილებით მეტი ინფორმაცია ესაჭიროება",- განაცხადა დავით ქაცარავამ.
შეგახსენებთ, სუს-ის განცხადების მიხედვით, უკანონო დაკავებების არსებობა უკავშირდება არა სახელმწიფოს მიერ წარმოებულ პოლიტიკას, არამედ "2008 წლის შემდეგ დამდგარ ოკუპაციას".
ნარატივი სახელმწიფოს მიერ უკანონო დაკავებების დამალვის შესახებ მცდარია - სუს